
Audi აშშ-ში $4 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს და ქარხანას ააშენებს
გერმანულმა ავტომწარმოებელმა Audi-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი საწარმოს ასაშენებლად $4 მილიარდი გამოყო. როგორც ირკვევა, ახალი ქარხანა ჯორჯიის შტატის ქალაქ მეიკონში აშენდება და ის 4,500 სამუშაო ადგილს შექმნის.
საწარმო წლიურად 200,000 ერთეული Q7-ის, Q8-ისა და ახალი Q9-ის მოდელის ყველგანმავლის გამოშვებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით კომპანიას პრემიუმ კლასის ავტომობილების წარმოების ნაწილი სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავას ქარხნიდან აშშ-ში გადააქვს.
ინფორმაციისთვის, გერმანული ბრენდის ეს ნაბიჯი დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება. როგორც ცნობილია, ევროკავშირიდან იმპორტზე დაწესებული 15%-იანი ტარიფები Volkswagen-ს წლიურად €5 მილიარდამდე ($5.4 მლრდ.) უჯდება.
Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ ბლუმემ აღნიშნა, რომ ამერიკული ტარიფები საერთაშორისო ვაჭრობას ზღუდავს და ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება.
BM.GE
წყარო: bm.ge