მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მომხმარებელთა მომართვიანობა 102%-ით გაიზარდა, ჯარიმები კი ₾300 000-მდეა | კონკურენციის სააგენტო
მომხმარებელთა მომართვიანობა 102%-ით გაიზარდა, ჯარიმები კი ₾300 000-მდეა | კონკურენციის სააგენტო

მომხმარებელთა მომართვიანობა 102%-ით გაიზარდა, ჯარიმები კი ₾300 000-მდეა | კონკურენციის სააგენტო

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 01:45|bm.ge

მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები 300 000 ლარამდე გაიზარდა, მომართვიანობა კი 102%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ლექვინაძის ინფორმაციით, საქმეების დაახლოებით 90% მომხმარებელთა სასარგებლოდ სრულდება, სააგენტოს ჩართულობით კი მომხმარებლები ჯამურად 1-1.2 მლნ ლარს იბრუნებენ.

ლექვინაძის თქმით, მომხმარებელთა მომართვიანობის ზრდა სააგენტოს საქმიანობის შედეგებსა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება. მისი განმარტებით, სააგენტო მომხმარებლების ინფორმირებისთვის რეგიონებში შეხვედრებს მართავს და მომხმარებლის კვირეულშიც მონაწილეობენ პარლამენტის წევრები.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვა ძალიან აქტიური მიმართულებაა. მიმდინარე წლის 9 თვე რომ შევადაროთ გასული წლის 9 თვეს, დაახლოებით 102%-ით გვაქვს გაზრდილი განაცხადების რაოდენობა, მომხმარებლების მომართვიანობა. 90%-ის გადაწყვეტა ხდება მომხმარებლის სასარგებლოდ. დაახლოებით მილიონიდან მილიონ ორასამდე არის თანხა, რასაც ჩვენი ჩართულობით მომხმარებლები იბრუნებენ, როდესაც ნივთის უკან დაბრუნება უნდათ, ხელშეკრულებიდან გასვლა უნდათ ან სხვადასხვა ასეთი ტიპის აქტივობა უნდათ. ძირითადად სრულდება შეთანხმებით, შესწავლის პროცესში ვთანხმდებით კომპანიასთან და მოვაჭრესთან, კომპანია აბრუნებს თანხას და ასწორებს საკუთარ სავაჭრო პოლიტიკას. ამასთან, მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების მოცულობა გასული წლის დაახლოებით 135 000 ლარიდან მიმდინარე წელს 300 000 ლარამდე გაიზარდა. ზრდა რამდენიმე მსხვილი კომპანიის დაჯარიმებას უკავშირდება.“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ლექვინაძემ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის რამდენიმე შემთხვევა გამოყო. ერთ-ერთი პროდუქტის შეფუთვაზე შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის სათანადოდ მითითებას ეხებოდა. სააგენტომ კომპანიას შეფუთვაზე ინფორმაციის დაზუსტება მოსთხოვა.

კიდევ ერთი საკითხი ელექტრონულ პლატფორმებზე გაყიდული ღონისძიებების ბილეთების ღირებულების დაბრუნების წესს ეხება. ლექვინაძის განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც კულტურული ან სპორტული ღონისძიების გაუქმების შემდეგ კომპანიები მომხმარებლებს თანხას სრულად არ უბრუნებდნენ და საკომისიოს იტოვებდნენ. სააგენტომ დაადგინა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მომხმარებლისგან დამოუკიდებელი მიზეზით ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, გადახდილი თანხა სრულად უნდა დაბრუნდეს.

„მომსახურების საკომისიო და თანხის უკან დაბრუნების სტანდარტი - ეს ეხებოდა განსაკუთრებით ელექტრონულ პლატფორმებზე ბილეთების რეალიზაციას, როდესაც კულტურული ან სპორტული ღონისძიება უქმდება და თანხა უკან უნდა დაბრუნდეს. იყო შემთხვევები, როდესაც კომპანიები საკომისიოს იტოვებდნენ და თანხის მხოლოდ იმ ნაწილს აბრუნებდნენ, რაც საკომისიოს ჩამოჭრილი ჰქონდა. ჩვენ დავადგინეთ სტანდარტი და ვთქვით, რომ თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება რეალურად ღონისძიების გაუქმება“, - განაცხადა ლექვინაძემ.

სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ესთეტიკური ცენტრების შეთავაზებებზე, რომლებსაც მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის რისკი ახლდა. მისი თქმით, მომხმარებლებს თავდაპირველად ორ უფასო პროცედურას სთავაზობდნენ, თუმცა შემდეგ უფრო ძვირად ღირებული მომსახურების პაკეტების შეძენისკენ უბიძგებდნენ. სააგენტომ კომპანიებს მსგავსი პრაქტიკის შეწყვეტა მოსთხოვა.

„ეს ეხებოდა ესთეტიკურ ცენტრებს: სთავაზობდნენ ორჯერ უფასო პროცედურის ჩატარებას მომხმარებელს, მესამეში მიდიოდა აღნიშნული შემოთავაზება, შემდგომ ორი პროცედურა ითხოვდა ოთხ პროცედურას, იქვე იყო ბანკის წარმომადგენელიც და ჯამში ჯდებოდა იმდენი, რომ მომხმარებელს ძალიან ძვირი უჯდებოდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. ამიტომ ჩვენ მოვთხოვეთ ყველა კომპანიას, რომ მსგავსი ტიპის პრაქტიკა აღეკვეთათ“, - აღნიშნა მან.

სააგენტო ყურადღებას ამახვილებს ონლაინ ვაჭრობისას პროდუქტის მარაგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზეც. ლექვინაძის განმარტებით, მომხმარებელი შესაძლოა ფასდაკლებით პროდუქტს ყიდულობდეს, თუმცა შეკვეთის შემდეგ გაირკვეს, რომ ნივთი მარაგში აღარ არის. სააგენტო კომპანიებს პროდუქტის ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის მითითებას სთხოვს.

სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარემ დემპინგთან დაკავშირებული საკითხიც ახსენა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დაწყებული ერთი შესწავლა შეწყდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპულმა ლუქს-ბრენდებმა ჩინეთში მოთხოვნის შემცირებით €250 მილიარდი დაკარგეს - Financial Times

ევროპულმა ლუქს-ბრენდებმა ჩინეთში მოთხოვნის შემცირებით €250 მილიარდი დაკარგეს - Financial Times

BM.GE

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად გასულ კვირას?

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად გასულ კვირას?

BM.GE

Audi აშშ-ში $4 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს და ქარხანას ააშენებს

Audi აშშ-ში $4 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს და ქარხანას ააშენებს

BM.GE

ვინ უხელმძღვანელებს გაეროს 2027 წლიდან?

ვინ უხელმძღვანელებს გაეროს 2027 წლიდან?

BM.GE