
ავტოდაზღვევის მიმართულებით ზრდა ძალიან მცირეა - არდი
„არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ავტოდაზღვევის მიმართულებით მცირე ზრდა ფიქსირდება, რაც სექტორისთვის ძალიან ცუდია.
პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 8%-ია დაზღვეული. კერძოდ, 2026 წლის 3 თვეში ამ სეგმენტში პოლისების რაოდენობა 155 671-მდე (წლიური ზრდა 11%) გაიზარდა.
ჯაფარიძის თქმით, კომპანიის პორტფელში 80%-ზე მეტი სამედიცინო დაზღვევას უჭირავს, ავტოდაზღვევაზე კი მხოლოდ 7% მოდის.
სადაზღვევო კომპანიის დირექტორის გვეუბნება, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული მოზიდული პრემიების 15%-იანი ზრდა უმეტესად სამედიცინო და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯზე მოხდა, რადგან საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის სამედიცინო დაზღვევა სავალდებულო გახდა.
"ჩვენი კომპანიის შედეგები პირველ კვარტალში საკმაოდ კარგი იყო, თუმცა ცოტა შერეული სურათი მივიღეთ. ანუ ჯამურად ციფრებში 15%-იანი მატება კი არის, თუმცა შიგნით რომ ჩავშლით, ეს მატება ძირითადად ისევ სამედიცინო და სამოგზაურო დაზღვევაზე მოდიოდა.
სამოგზაურო დაზღვევაში როგორც იცით, სავალდებულო დაზღვევა რომ შემოვიდა, ამან გამოიწვია ეგ ზრდა, თორემ ისე გამავალი ტურისტების დაზღვევა ნამდვილად არ გაზრდილა. შემომავალი ტურისტების დაზღვევა გაიზარდა. ცუდი ის არის, რომ უბრალოდ, ავტოდაზღვევისა და სხვა სახეობების მიმართულებით ზრდა ან ძალიან მცირეა, ან საერთოდ არ არის, რაც ძალიან ცუდია.
ჯამში ბაზარი 15%-ით გაიზარდა და ჩვენი კომპანიის შემთხვევაშიც შედეგები საკმაოდ ნორმალური იყო. იმ ტურისტების ნაკადსაც, რომლებსაც დაზღვევა უნდოდათ, მზად დავხვდით, იმიტომ რომ სამოგზაურო დაზღვევა შემომავალი ტურისტებისთვის ბოლო 10 წელია რაც გვაქვს. აქამდე ასეთი პოპულარული არ იყო და სავალდებულო რომ გახდა ცხადია, ავტომატურად მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.
პირველი კვარტალი საკმაოდ ნორმალურად შეგვიძლია შევაფასოთ, უბრალოდ, კომპანიებისა და პროდუქტების ჭრილში საკმაოდ შერეული სურათი გვაქვს: სადღაც ძალიან კარგია, სადღაც - საშუალო, სადღაც კი - საკმაოდ არასახარბიელო", - აცხადებს ჯაფარიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge