
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - საქართველოს TOP-10 საექსპორტო საქონელი
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 5.42 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 980 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით მეტია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების, ფეროშენადნობებისა და სპილენძის მადნების ექსპორტის მატებამ. თუმცა ყველაზე დიდ საექსპორტო კატეგორიაში - მსუბუქ ავტომობილებში მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება.
საექსპორტო საქონლის მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ მსუბუქი ავტომობილებია, თუმცა მისი ექსპორტი წლიურად 22%-ით შემცირდა და 1.35 მლრდ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის ექსპორტმა 688.9 მლნ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ეს მაჩვენებელი 59 მლნ დოლარს შეადგენდა რაც ამ მიმართულებით 1068%-ის ზრდას ნიშნავს. მესამე ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია 403.1 მლნ დოლარით (ზრდა 69%).
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი
# საქონელი მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან % 1 მსუბუქი ავტომობილები $1,348 მილიონი; -22% 2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $689 მილიონი; 1068% 3 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $403 მილიონი; 69% 4 ფეროშენადნობები $219 მილიონი; 60% 5 სპირტიანი სასმელები $164 მილიონი; -5% 6 ყურძნის ნატურალური ღვინოები $164 მილიონი; -1% 7 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $163 მილიონი; 243% 8 მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე $139 მილიონი; 23% 9 მინერალური და გაზიანი წყლები, შაქრის შემცველობით $127 მილიონი; 11% 10 აზოტოვანი სასუქები $110 მილიონი; 25% 11 დანარჩენი საქონელი – სულ $1,896 მილიონი. 20%
საექსპორტო ბაზრების მიხედვით, პირველ ადგილზე ყირგიზეთია, სადაც საქართველოდან 577.6 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა. შემდეგ მოდიან ჩინეთი 543.7 მლნ დოლარით და რუსეთი 500.7 მლნ დოლარით. ამასთან, ყირგიზეთში ექსპორტი წლიურად 38.8%-ით შემცირდა, ჩინეთში 177.3%-ით გაიზარდა, რუსეთში კი ზრდამ 4.1% შეადგინა.
ათ უმსხვილეს საექსპორტო მიმართულებას შორის არიან ასევე აზერბაიჯანი 484.5 მლნ დოლარით, სომხეთი 443 მლნ დოლარით, ყაზახეთი 388.5 მლნ დოლარით, თურქეთი 328.9 მლნ დოლარით, ბულგარეთი 164.2 მლნ დოლარით, ირანი 161.9 მლნ დოლარით და ტოგო 136.9 მლნ დოლარით. მთლიანად, იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.93 მლრდ დოლარი შეადგინა, საიდანაც იმპორტი 12.5 მლრდ დოლარი იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge