!["აზრი, რომ საუკუნის წინ [NGO-ები] არ არსებობდნენ, ისტორიულადაც მცდარია და პოლიტიკურადაც სახიფათო" - თამარ ონიანი](/_next/image?url=https%3A%2F%2Fbm.ge%2Fuploads%2Ffiles%2F2025%2F12%2F22%2F299612%2Ftamar-oniani_w_h.jpeg&w=3840&q=75)
"აზრი, რომ საუკუნის წინ [NGO-ები] არ არსებობდნენ, ისტორიულადაც მცდარია და პოლიტიკურადაც სახიფათო" - თამარ ონიანი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე თამარ ონიანის შეფასებით, არასამთავრობო სექტორზე "ქართული ოცნების" ნარატივი შემთხვევითი არ არის და ცხადყოფს, რომ სისტემა მოქალაქეებს ხმის არმქონე, დაქვემდებარებულ და უუფლებო პირებად აღიქვამს.
ონიანი Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებასა და გრანტების მართვის სააგენტოს გაუქმების გადაწყვეტილებას ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება ჭეშმარიტად უფლებადაცვით ორგანიზაციებს ებრძვის, სააგენტოს შექმნა და მისი დახურვა კი თავიდანვე ფასადური პროცესი იყო.
საიას თავმჯდომარის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ერთი საუკუნის წინ არც სტრასბურგის სასამართლო არსებობდა და არც ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე საერთაშორისო სისტემა.
მაშინ ადამიანის უფლებები მეტწილად სახელმწიფოს "შიდა საქმედ" მიიჩნეოდა. უფლებადაცვითი ორგანიზაციების გარეშე ეფექტიანად ვერ იფუნქციონირებს ვერც ერთი ადამიანის უფლებათა ხელშეკრულება. შემთხვევითი არ არის ამ ორგანიზაციებისთვის კონვენციური სტატუსისა და უფლებამოსილებების მინიჭება.
ამიტომაც, თუ ვინმეს კოგნიტურ კომფორტს აძლევს აზრი, რომ ერთი საუკუნის წინ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არსებობდნენ, ეს ისტორიულადაც მცდარია და პოლიტიკურადაც სახიფათო (ბევრი დაიწერა ილია ჭავჭავაძის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაზე", რომელიც სწორედ ორგანიზებული საზოგადოებრივი ძალის მაგალითია).
სინამდვილეში, ნარატივი, რომელიც დღეს მოვისმინეთ, შემთხვევითი არ არის. ეს ზუსტად ის პრიზმაა, რომლის მეშვეობითაც არსებული რეჟიმი ადამიანებს ხედავს - უხმოს, დაქვემდებარებულებს და, შესაბამისად, უუფლებოს.
ფრაზა "ერთი საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ" ნიშნავს, რომ სისტემა სუვერენიტეტს ხედავს როგორც ძალაუფლებას და არა როგორც ანგარიშვალდებულებას. რეჟიმი ებრძვის მათ, ვისაც ამ უფლებების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლის ორგანიზაციული და ინსტიტუციური შესაძლებლობა აქვს. ანუ ებრძვის ჭეშმარიტად უფლებადაცვით ორგანიზაციებს.
რაც შეეხება სააგენტოს, მისმა საქმიანობამ და დღეს გაცხადებულმა გადაწყვეტილებამ მისი გაუქმების თაობაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად ფასადური იყო 2024 წელს, რუსული კანონის მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, შშმ პირთა მხარდაჭერა, გარემოს დაცვა და უმცირესობათა უფლებების დაცვა" და სხვა "კეთილ საქმეებად" იქნებოდა მიჩნეული, თუ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა", - წერს თამარ ონიანი.
თამარ ონიანის ეს შეფასება მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გრანტების მართვის სააგენტო მილევად რეჟიმშია და წლის ბოლომდე დაიხურება. კობახიძემ ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები "ხელოვნური ფენომენია", რომელთა ერთადერთი მიზანი ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეში პოლიტიკური ინტერვენციაა. პრემიერის თქმით, ერთი საუკუნის წინ სექტორი საერთოდ არ არსებობდა, მოგვიანებით კი იგი უცხოური ჩარევის ინსტრუმენტად იქცა.
"ენჯეო არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. ენჯეოს ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს ენჯეოები თავის დროზე", - განაცხადა კობახიძემ.
"გრანტის მართვის სააგენტო" გასული წლის 15 აპრილს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ინიციატივით პარლამენტმა მიიღო არაერთი სადავო კანონი, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას ზღუდავს. სააგენტოს ხელმძღვანელად თამარ ზოდელავა დაინიშნა, რომელიც 2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის გუნდში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ის ასევე იყო ევროპის საბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი.
BM.GE
წყარო: bm.ge