![[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"](/_next/image?url=https%3A%2F%2Fbm.ge%2Fuploads%2Ffiles%2F2026%2F10%2F29%2F327011%2Firakli-tsurtsumia_w_h.jpeg&w=3840&q=75)
[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილში ელიან, რომ ფიზიკური პირებისთვის დაკრედიტების წესის გამკაცრება ბანკებიდან მომხმარებლების ნაწილის მისოების სექტორში გადადინებას გამოიწვევს.
როგორც "ევროკრედიტის" აღმასრულებელმა დირექტორის მოადგილემ BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა, მოსალოდნელია, რომ გამკაცრებული რეგულაციების ფონზე, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა სალომბარდე სესხებზე გაიზრდება.
როგორც ირაკლი წურწუმია აცხადებს, გავლენა მასშტაბური არ იქნება, თუმცა საფინანსო ბაზარზე გარკვეული გადალაგება მოხდება.
“PTI-ის შემცირების შედეგად, გარკვეულწილად მოხდება ტრანსფერი, ბანკების მომხმარებლების გარკვეული რაოდენობა მიკროსაფინანსო სექტორში გადავა. მისოებში ლომბარდების მიმართულებით შეიძლება მცირედი ზრდა ვიხილოთ. რაიმე სახის დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს, თუმცა ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ მომხმარებლისთვის ფინანსურ რესურსებზე გარკვეული შეზღუდვა იქნება.
ის მომხმარებელი, რომელიც PTI რეგულაციიდან გამომდინარე, ვერ მიიღებს მომსახურებას იმ ბანკში, სადაც ხელფასი ერიცხება, ის ავტომატურად დაიწყებს სხვა გზების ძებნას. პირველი, რასაც ამ დროს აკეთებს ხოლმე მომხმარებელი, ეს არის ლომბარდული სესხი. თავისთავად, ეს გამოიწვევს გარკვეულწილად ლომბარდული სესხების ზრდას. ეს ერთის მხრივ, სოციალური თვალსაზრისით არც ისე სახარბიელოა, თუმცა, მეორეს მხრივ, რეგულატორი გვეუბნება იმას, რომ ამკაცრებს იმისათვის, რომ სწორედაც რომ მომხმარებლის უფლებები დაიცვას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საერთო სურათს შევხედოთ და არა კონკრეტულად ერთ ინსტიტუციაში რა შედეგი შეიძლება დადგეს ამ მხრივ.
მთლიანად სექტორზე თუ არის საუბარი, მიკროსაფინანსო სექტორის მომხმარებლების რაოდენობა გაიზრდება ამ რეგულაციიდან გამომდინარე. ვერ ვიტყვი, რომ ეს კრიტიკული ზრდა იქნება, თუმცა ბუნებრივია, რომ გადადინება მოხდება”, - განაცხადა ირაკლი წურწუმიამ.
ცნობისთვის, მომავალი წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობები მკაცრდება. იცვლება სესხის მომსახურების კოეფიციენტი, ანუ PTI, რომელიც განსაზღვრავს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილის გამოყენება შეიძლება სესხის მომსახურებისთვის. კერძოდ, ამჟამად მოქმედი შემოსავლის 1500-ლარიანი ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. 2027 წლის 1 თებერვლიდან 25%-იანი PTI-ის მოთხოვნა 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდება, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან ზღვარი 2500 ლარამდე გაიზრდება.
BM.GE
წყარო: bm.ge