
ბადიაური-ბაკურციხის 32 კმ-იანი მაგისტრალის და გურჯაანი-თელავის 37 კმ-იანი გზის მშენებლობა $315 მილიონი დაჯდება
მთავრობა მსოფლიო ბანკის და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) $315-მილიონიანი კრედიტით კახეთში ორი მსხვილი საგზაო პროექტის განხორციელებას გეგმავს - ესენია ბადიაური-ბაკურციხის 32-კილომეტრიანი გზის მშენებლობა და თელავი-გურჯაანის 36.6-კილომეტრიანი დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.
"ქვეკომპონენტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის – ბადიაური-ჩალაუბნის (ლოტი 4) და ჩალაუბანი-ბაკურციხის (ლოტი 5) – მშენებლობას, რომელთა სიგრძე შესაბამისად 21.7 კმ და 9.1 კმ იქნება (საერთო ჯამში 32 კმ). აღნიშნული მონაკვეთები განთავსდება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომაგისტრალზე (კახეთის გზატკეცილი, S5 მარშრუტი).
პროექტი ასევე მოიცავს გურჯაანსა და თელავს შორის 36.6-კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობას, რომელიც კახეთის გზატკეცილს დაუკავშირდება.
სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე მისასვლელი გზების პროექტირება და მშენებლობა (საჭიროების შემთხვევაში), რათა ახალი ავტომაგისტრალის მონაკვეთები ინტეგრირდეს არსებულ საგზაო ქსელსა და ადგილობრივ დასახლებებთან,"- ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წელს უნდა დასრულდეს საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელიც შემდგომ ბადიაური-ბაკურციხის მონაკვეთით გაგრძელდება. გზის ამ მონაკვეთზე 2023 წლიდან თურქული საინჟინრო კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ი მუშაობს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 276.8 მილიონი ლარი ჯდება. პროექტის ფარგლებში შენდება 4 ხიდი, 8 გზაგამტარი და 86 წყალგამტარი მილი. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია საპროექტო მონაკვეთის მიმდებარედ არსებული ადგილობრივი საგზაო ქსელის გაუმჯობესება და მისი აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირება.
2024 წელს უკვე გაიხსნა კახეთის ახალი ავტომაგისტრალის 35-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც 527 მილიონი ლარი დაჯდა.
2024 წელს ასევე გაიხსნა ბაკურციხე წნორის 18-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთიც, რომელიც ADB-ის დაფინანსებით აშენდა. პროექტი ADB-ის მიერ 87.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
BM.GE
წყარო: bm.ge