
Bank of America ბირჟაზე ფასების მკვეთრ ვარდნას პროგნოზირებს
საფონდო ბირჟაზე სპეკულაციის დონემ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, რის გამოც წლის განმავლობაში დაფიქსირებული ზრდა, შესაძლოა, მკვეთრი დაღმასვლით შეიცვალოს - ასეთია ერთ-ერთი საფინანსო გიგანტის შეფასება.
კერძოდ, ამერიკულმა ფინანსურმა კონგლომერატმა, Bank of America-მ S&P 500 ინდექსის წლის ბოლოსთვის პროგნოზირებული ნიშნული 7 100 ერთეულზე უცვლელად დატოვა, რაც მიმდინარე კვირის დასრულების მაჩვენებელთან შედარებით ფასების 5%-იან კლებას წარმოადგენს.
არსებული ინფორმაციით, ბაზარზე მაღალი მულტიპლიკატორების მქონე აქციების ფასები საგრძნობლად გაიზარდა, რაც ისტორიულად ყოველთვის წინ უსწრებდა აქტივების ღირებულების მკვეთრ კორექციას. ამასთან, საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ წმინდა მოგებასთან შედარებით, S&P 500-ის წევრი კომპანიების თავისუფალი ფულადი ნაკადების მოცულობა ისტორიულ ტენდენციებზე დაბალია. აღნიშნული კლება ხელოვნური ინტელექტის ბუმით გამოწვეულ გიგანტურ ხარჯებს უკავშირდება, რამაც ტექნოლოგიური კომპანიების თავისუფალი ფულადი ნაკადების შემცირება და მოგების მარჟის შეკუმშვა გამოიწვია.
პარალელურად, აშშ-ის ფედერალური რეზერვი მზარდ ინფლაციას ებრძვის, რომელიც უკვე ხუთ წელზე მეტია მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელზე მაღლა რჩება. BofA-ს პროგნოზით, FED-მა შესაძლოა მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთები სამჯერ გაზარდოს, რაც აქციების გაუფასურებას გამოწვევს.
უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილ ბანკებს შორის, BofA-ს პროგნოზი ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური და განსხვავებულია. უოლ-სტრიტის წარმომადგენლების უმეტესობა მომდევნო 12 თვეში S&P 500-ის 21%-იან ზრდას პროგნოზირებს.