
ბანკის ნაცვლად, პროექტს სამინისტრო დაამტკიცებს, თანადაფინანსების პროცენტი და ვადიანობა მცირდება | რა შეიცვალა აგროთანადაფინანსების პროგრამაში?
საქართველოს მთავრობამ აგროდაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა. 24 ივნისის №285 დადგენილებით დამტკიცებული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი რამდენიმე სახელმწიფო მექანიზმის ერთიან სისტემაში გაერთიანებას ითვალისწინებს.
ახალი პროგრამით იცვლება როგორც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფუნქცია, ისე სახელმწიფო თანადაფინანსების გაცემის წესი. პროგრამა არ აუქმებს აგროკრედიტს, თუმცა ის უკვე ცალკე ინსტრუმენტად აღარ იმუშავებს და აგროთანადაფინანსების საერთო სისტემის ნაწილი გახდება.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, იცვლება მთავარი ლოგიკაც - თუ აქამდე სახელმწიფო ძირითადად ბანკის მიერ გაცემულ სესხს ეხმარებოდა საპროცენტო სუბსიდიით, ახალი მოდელით სახელმწიფო პირველ რიგში თავად შეაფასებს პროექტს, ხოლო თანხა მხოლოდ განხორციელებული და დადასტურებული ინვესტიციის შემდეგ გაიცემა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებდა, აქამდე ძირითადად საბანკო მოდელზე იყო დაფუძნებული. ბენეფიციარი მიმართავდა პროგრამაში ჩართულ ბანკს ან საფინანსო ორგანიზაციას, ფინანსური ინსტიტუტი აფასებდა საკრედიტო რისკს და გადაწყვეტილების შემდეგ სახელმწიფო ერთვებოდა საპროცენტო სუბსიდირების ნაწილში.
ახალი პროგრამით ეს თანმიმდევრობა იცვლება.
აგროთანადაფინანსების მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს თავდაპირველად სოფლის განვითარების სააგენტოში მოუწევს განაცხადის შეტანა.
დადგენილების მიხედვით, პროცესში გათვალისწინებულია რამდენიმე ეტაპი:
• ფერმერული მეურნეობების რეესტრში რეგისტრაცია; • ელექტრონული განაცხადის შევსება; • ბიზნესგეგმის წარდგენა; • შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა.
ამის შემდეგ სახელმწიფო შეაფასებს პროექტს - რამდენად შეესაბამება ის პროგრამის მიზნებს, რამდენად ეკონომიკურად მიზანშეწონილია და რამდენად იმსახურებს სახელმწიფო მხარდაჭერას.
მხოლოდ დადებითი შეფასების შემდეგ ჩაერთვება კომერციული ბანკი.
ანუ ახალი მოდელით ბანკი აღარ იქნება პირველი „ფილტრი“ - პირველ გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო, ხოლო ბანკი შეაფასებს ფინანსურ ნაწილს.
სახელმწიფო შეაფასებს:
• პროექტის ეკონომიკურ მნიშვნელობას; • სოფლის მეურნეობის სექტორზე გავლენას; • ბიზნესგეგმის რეალისტურობას.
ბანკი კი შეაფასებს:
• მსესხებლის გადახდისუნარიანობას; • საკრედიტო რისკს; • დაფინანსების შესაძლებლობას.
თუ სააგენტოს მიერ მოწონებულ პროექტზე ერთი ბანკი უარს იტყვის, ბენეფიციარს შეუძლია სხვა ფინანსურ ორგანიზაციას მიმართოს ან შეცვალოს პროექტის ფინანსური მოდელი.
მეწარმე ჯერ ხარჯვას იწყებს, შემდეგ კი სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს
ახალი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ცვლილება თანადაფინანსების გაცემის წესია. თუ ადრე სახელმწიფო სუბსიდია სესხის მომსახურების პერიოდში პარალელურად გაიცემოდა, ახალი სისტემით ბენეფიციარმა ჯერ თავად უნდა განახორციელოს ინვესტიცია.
მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის პრინციპია:
მაგალითად, თუ პროექტის ღირებულება 4 მილიონი ლარია და სააგენტომ ის მოიწონა, სახელმწიფო თანხას წინასწარ არ ჩარიცხავს. შემდეგ ეტაპზე სოფლის განვითარების სააგენტო ჩაატარებს მონიტორინგს, ხოლო შესრულებული ხარჯების დასადასტურებლად საჭირო იქნება შესაბამისი აუდიტორული დასკვნა.
თანხა ჩაირიცხება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დარწმუნდება, რომ პროექტი რეალურად განხორციელდა.
₾15 მილიონიდან 4 მილიონ ლარამდე - მცირდება თანადაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი
მოქმედი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ცალკეულ მიმართულებებში შესაძლებელი იყო დიდი მოცულობის სესხის მიღება.
მაგალითად:
• სასურსათო მრეწველობის მიმართულებით — 10 მილიონ ლარამდე; • ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოებისთვის — 15 მილიონ ლარამდე.
ახალი მოდელით სახელმწიფო თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა ერთ პროექტზე 2 მილიონი ლარია.
ამასთან, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული საინვესტიციო პროექტის მაქსიმალური მოცულობა 4 მილიონ ლარამდე განისაზღვრება.
შედეგად, ყველაზე მაღალი დაფინანსების ზღვარი 15 მილიონიდან 4 მილიონ ლარამდე მცირდება.
პროცენტის თანაგადახდა 11%-დან 8%-მდე შემცირდა, ვადიანობა კი 48-დან 36 თვემდე
იცვლება შეღავათიანი აგროკრედიტის პირობებიც.
ძველი მოდელით:
• სახელმწიფო აფინანსებდა სესხის წლიური 11%-ის ნაწილს; • სუბსიდირების პერიოდი 48 თვე იყო.
ახალი პროგრამით:
• საპროცენტო სუბსიდია 8% იქნება; • ვადა 36 თვემდე შემცირდება.
ანუ სახელმწიფო მხარდაჭერის პერიოდი მცირდება ერთი წლით, ხოლო სუბსიდიის მოცულობა — 3 პროცენტული პუნქტით.
ვის არ შეეხება ახალი პროგრამა?
№285 დადგენილება არ გავრცელდება იმ განაცხადებსა და ხელშეკრულებებზე, რომლებიც 2026 წლის 1 ივლისამდე უკვე წარდგენილი ან გაფორმებულია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში.
მათ შორის, ძველი წესები გაგრძელდება უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებზე და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაცემულ სესხებზე, მათ შორის რეფინანსირებაზე.
ამასთან, ახალი პროგრამის ფარგლებში პროექტის დაფინანსების წყარო ვერ იქნება ძველი აგროკრედიტის ფარგლებში უკვე გაცემული სესხი.
აგროთანადაფინანსების პროგრამა აქამდე მოქმედ 15 სხვადასხვა პროგრამას აერთიანებს:
• „დანერგე მომავალი“ • „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ • „ქართული ჩაი“ (ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა) • მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა • მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა • მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა • რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა • მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა • მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა • „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ • თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა • სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
BM.GE
წყარო: bm.ge