
ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებელს 3 ვაგონი დაემატა - რა ღირს ბილეთები?
ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებლის შემადგენლობას 3 ვაგონი დაემატა და ამ ვაგონებში ბილეთები უფრო იაფი ეღირება.
აზერბაიჯანული მედია „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“ დაყრდნობით წერს, რომ ვაგონების დამატება მგზავრთა კმაყოფილების ამაღლებისა და ბაქო–თბილისი–ბაქოს საერთაშორისო მარშრუტზე სამგზავრო გადაყვანებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდა.
როგორც „აპა-ეკონომიქსს“ აზერბაიჯანის რკინიგზაში განუცხადეს, 2026 წლის 10 ივლისიდან ბაქო–თბილისი–ბაქოს საერთაშორისო მარშრუტზე მოძრავი მატარებლების შემადგენლობაში ჩაერთვება 3 დამატებითი საძინებელი ტიპის ვაგონი (სტანდარტ+ კლასის ვაგონები, რომლებიც ამჟამად ქვეყნის შიდა მარშრუტებზე გამოიყენება). შედეგად, თითოეულ რეისზე დამატებით 104 სამგზავრო ადგილი იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო სამგზავრო ადგილების რაოდენობა ერთ რეისზე დაახლოებით 60%-ით 282-მდე გაიზრდება (არსებულ 178 ადგილთან შედარებით).
მათივე ცნობით, დამატებითი ვაგონების ბილეთები დღეიდან გაიყიდება. ამ ვაგონებში ბილეთების ფასები Stadler-ის წარმოების ვაგონების ბილეთებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომია. კერძოდ, მგზავრობის ღირებულება ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშრუტზე სტანდარტ+ კლასით, მანძილის მიხედვით, 40.30 AZN-დან [62 ლარი] იწყება. მგზავრობის მინიმალური ღირებულება ერთი მიმართულებით ბაქოდან თბილისში შეადგენს 65.20 AZN-ს [101 ლარი], ევლახიდან – 53.30 AZN-ს [82.6 ლარი], განჯიდან – 49.30 AZN-ს [76.4 ლარი], ხოლო აღსტაფიდან – 45.30 AZN-ს [70.2 ლარი]. ბოიუკ-კესიკიდან თბილისამდე და გარდაბნის სადგურამდე ღირებულება, შესაბამისად, 43.40 [67 ლარი] და 40.30 AZN-ია [62 ლარი].
შეგახსენებთ, რომ ამჟამად Stadler-ის წარმოების ვაგონებით ბაქოდან თბილისში კომფორტ კლასით მგზავრობის მინიმალური ღირებულება 79.5 მანათს [123 ლარი] შეადგენს, ხოლო განჯიდან – 58.20 მანათს [90 ლარი]. ამგვარად, ვაგონების დამატების შემდეგ უფრო მეტ მგზავრს ეძლევა შესაძლებლობა იმოგზაუროს ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშრუტით უფრო ხელმისაწვდომ ფასად.
Stadler-ის მარკის ვაგონებთან შედარებით, მარშრუტზე დასამატებელ სტანდარტ+ კლასის საძინებელ ვაგონებში უფასო ბარგის ნორმა, ამ ვაგონების ტექნიკური მახასიათებლებისა და კონსტრუქციული შესაძლებლობების გათვალისწინებით, 36 კგ-ით განისაზღვრა. მგზავრთა კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით, სტანდარტ+ ვაგონებში მოწყობილი იქნება მობილური კვებითი მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშრუტზე 25 მაისიდან 6 ივლისამდე პერიოდში დაახლოებით 25 ათასი ბილეთი გაიყიდა და დაახლოებით 14 ათასი მგზავრი იყო გადაყვანილი. აქედან 6356 ადამიანმა მატარებელში ჩაჯდომა თბილისში განახორციელა, 4343 ადამიანმა – ბაქოში, 1112 ადამიანმა – განჯაში, 808 ადამიანმა – ევლახში, 520 ადამიანმა – აღსტაფაში. ამრიგად, ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშრუტით მოგზაური მგზავრების დაახლოებით 40 პროცენტი რეგიონებზე მოდის.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მთლიანობაში, აზერბაიჯანის რკინიგზის ბოლო წლების პროექტების წყალობით, რომლებიც მომსახურების გეოგრაფიის გაფართოებასა და მგზავრთა კმაყოფილების ამაღლებას ისახავს მიზნად, შეინიშნება იმ პირთა რაოდენობის ზრდა, რომლებიც სარკინიგზო ტრანსპორტით მოგზაურობას ანიჭებენ უპირატესობას. 2026 წლის 6 თვის განმავლობაში აზერბაიჯანში, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანილ იქნა 5,4 მილიონზე მეტი მგზავრი. ეს ნიშნავს თითქმის 20-პროცენტიან ზრდას გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,6 მლნ) შედარებით.
BM.GE
წყარო: bm.ge