
ბაქო-თბილისი-ყარსის ოპერატორი საქართველოს რკინიგზაა, ხოლო ინფრასტრუქტურის მართვის და ექსპლოატაციის უფლება საქართველო-აზერბაიჯანის 50%-50%-ით დაფუძნებულ ერთობლივ კომპანიას აქვს
შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზამ, რომელმაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი ააგო 2025 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. ანგარიშგების თანახმად, რკინიგზის ოფიციალურად ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ მისი აქტივების მართვის უფლება "„ბი თი ქეი აი რეილვეისი" (BTKI Raiwlays), რომელიც 50%-50%-ის წილებით თანადაფუძნებულია "მარაბდა კარწახის რკინიგზის" შვილობილი კომპანია "ემ კა ერ ჯორჯიას" და აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილ ADY Servis-ის მიერ. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს რკინიგზის აგებისთვის აზერბაიჯანის მიერ გამოყოფილი $775-მილიონიანი ვალის მომსახურება.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად 2026 წლის 2 ივნისს გაიხსნა. რკინიგზის სიგრძეა 827 კილომეტრი, საიდანაც 183 კილომეტრი საქართველოზე გადის. რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი აშენდა 775 მილიონი დოლარის კრედიტით, რომელიც გამოყო "აზერბაიჯანის მაღალი ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სამინისტრომ". პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ 2007 წელს დააფუძნა შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა", თავდაპირველად პროექტის განხორციელება გაცილებით მოკლე ვადებში იგეგმებოდა და მისი ქართული მონაკვეთის ბიუჯეტი 200 მილიონ დოლარს შეადგენდა, რომლის საპროცენტო განაკვეთიც 1%-ს შეადგენდა, შემდეგ კი მას დაემატა 575 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი, რომლის განაკვეთიც 5%-ს შეადგენს. აღნიშნული სესხის მიმღები იყო შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა", თუმცა ქართული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები სასესხო შეთანხმების შესაბამისადვე განახორციელა საქართველოში აზერბაიჯანის რკინიგზის მიერ დაფუძნებულმა შვილობილმა "აზერბაიჯანის რკინიგზის საქართველოს ფილიალმა", ხოლო სამშენებლო კონტრაქტორი იყო "აზერბაიჯანის რკინიგზის შპს დემირიოლსერვის საქართველოს ფილიალი".
სასესხო შეთანხმების შესაბამისად, რკინიგზის ვალდებულების გასტუმრება უნდა მოახდინოს BTKI-ის ერთობლივმა საწარმომ, რომელიც პროექტის მონაწილე ქვეყნების მიერ არის ერთობლივად დაფუძნებული. კომპანიის დაფუძნება 2024 წლის 13 აგვისტოს მოხდა. "2024 წლის 13 აგვისტოს კომპანიამ, თავისი 100%-იანი შვილობილი კომპანიის - შპს „ემ კა ერ ჯორჯიას“ მეშვეობით, დააფუძნა შპს „ბი თი ქეი აი რეილვეის“ დსს "აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილ კომპანია შპს „ADY Servis“-თან ერთად, 50%-50%-იანი წილობრივი მონაწილეობით. კომპანია დაფუძნდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და მართვის, ასევე, შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების მიზნით", - ნათქვამია შპს მარაბდა კარწახის რკინიგზის 2025 წლის ანგარიშში.