
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას გააძლიერებს - ლევან სულაბერიძე
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას გააძლიერებს.
როგორც ლევან სულაბერიძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მოსალოდნელია, რომ შუა აზიიდან თურქეთის მიმართულებით ტვირთები, რომელიც აქამდე სამანქანო გზით გადაიზიდებოდა, ახალ სარკინიგზო მაგისტრალზე გადმოინაცვლებს.
მისივე შეფასებით, მოსალოდნელია, რომ უკვე არსებულთან ერთად სარკინიგზო ხაზი ახალ ტვირთებსაც მოიზიდავს. მათ შორის ჩინეთ-თურქეთს შორის სავაჭრო ტვირთებს, რომელიც აქამდე საზღვაო ხაზებით გადაიზიდებოდა და საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში საერთოდ არ ხვდებოდა.
“თავისთავად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნა დადებითი ფაქტია და იქიდან გამომდინარე, რომ ის ხდება ქართული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი ნაწილი. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ეს გააძლიერებს საქართველოს მნიშვნელობას ზოგადად ტრანზიტის და ტრანზიტის განხორციელების შესაძლებლობების თვალსაზრისით.
რაც შეეხება უშუალოდ ამ მონაკვეთის მნიშვნელობას, წლების განმავლობაში შუააზიური ექსპორტიორები საკუთარი პროდუქციის ექსპორტს თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მეშვეობით ეზიდათ, საკონტეინერო გადაზიდვები განეხორციელებინათ. თუმცა არსებობდა გარკვეული შეფერხებები ამ მიმართულებით და იძულებულები იყვნენ, რომ ეს ყველა ტვირთი სამანქანო გადაზიდვებით გადაზიდულიყო და ჩასულიყო თურქეთში. მე ხშირად მომისმენია შუააზიელი ექსპედიტორებისგან, ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებისგან, რომ თუ იქნება იმის საშუალება, რომ ბაქო-თბილისი-ყარსი ამუშავდეს, ეს ტვირთი აუცილებლად გადაინაცვლებს, გარკვეული რაოდენობა ყოველ შემთხვევაში, საკონტეინერო გადაზიდვების ნაწილში და ის გადაიზიდება სწორედ ამ ინფრასტრუქტურის მეშვეობით. შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა გარკვეულწილად მოთხოვნას დააკმაყოფილებს და დააპროვოცირებს ახალ მოთხოვნასაც, ჩემი აზრით, ის საკმაოდ მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი გახდება რეგიონში.
ნებისმიერი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვაჭრობის ხელშემწყობია ნებისმიერ შემთხვევაში და მე მას განვიხილავდი როგორც თურქეთის და შუააზიური ქვეყნების, აზერბაიჯანის და თურქეთის, ჩინეთის და თურქეთის - ორი ძალიან დიდი ეკონომიკის ვაჭრობის ხელშემწყობ ინფრასტრუქტურად. რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთი ნაკლებად იყენებდა ამას [სამანქანო გზას] და ჩინეთსა და თურქეთს შორის ვაჭრობა ძირითადად საზღვაო გზით ხდებოდა. დღეს თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სატვირთო გადაზიდვების დრო ძალიან ინტენსიურად მცირდება და ის შემცირდება ზუსტადაც თურქეთამდე მონაკვეთში, მე ვვარაუდობ, რომ ჩინეთ-თურქეთის ვაჭრობის გარკვეული სეგმენტი, რომელიც ხორციელდება დღესდღეობით ზღვით, ეს ტვირთები აუცილებლად გადმოინაცვლებს და გამოიყენებს ამ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას. ეს ტვირთები ჩვენთან არც არასდროს ხვდებოდა, ვერც მოხვდებოდა ქართულ ნავსადგურებში და პირიქით, ეს იქნება დამატებითი დადებითი ასპექტი ამ ინფრასტრუქტურისა, რომელიც მოიზიდავს ჩინურ-თურქული ვაჭრობის გარკვეულ სეგმენტს”, - განაცხადა ლევან სულაბერიძემ.
ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ფუნქციონირებას თვის ბოლომდე დაიწყებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარესთან ყველა საკითხი უკვე შეთანხმებულია. მათ შორის, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის ოპერირებას “საქართველოს რკინიგზა” უზრუნველყოფს, სრულად მაგისტრალის ოპერირებას კი ერთობლივი კომპანია.
BM.GE
წყარო: bm.ge