
„ბართლომეს მეღვინეობა“ აგვისტოდან საოჯახო სასტუმროს ფორმატში დაიწყებს მუშაობას
ტურისტული კომპანია „რია თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელი მარიამ ხოსროშვილი კახეთში არსებულ „ბართლომეს მეღვინეობას“ ავითარებს, რომელიც 2026 წლის აგვისტოდან, საქმიანობას საოჯახო სასტუმროს კონცეფციით გააგრძელებს.
მარიამ ხოსროშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ობიექტი ყვარელში მდებარეობს და სტუმრებს ავთენტიკურ გარემოს, ბუტიკის ტიპის ნომრებს, ღვინის დეგუსტაციებსა და მასტერკლასებს შესთავაზებს.
„ჩვენი ტურისტული ობიექტი „ბართლომეს მეღვინეობა“ კახეთის რეგიონში, ყვარელში გვაქვს, რომელიც უკვე ორი წელია ბაზარზე პოზიციონირებს. თავდაპირველად უფრო მეტად კვების მიმართულება და დეგუსტაციები იყო გააქტიურებული, თუმცა 2026 წლის აგვისტოდან უკვე ვპოზიციონირებთ როგორც საოჯახო სასტუმრო.
ჩვენთან მოსულ ტურისტებს ადგილზე ავთენტური გარემო, ბუტიკის სტილის ნომრები, დეგუსტაციები და მასტერკლასები ხვდებათ. ყვარელი არის ლოკაცია, რომელიც სავსეა კულტურული ძეგლებითა და საინტერესო სანახაობებით“, - აღნიშნა მან.
ხოსროშვილის განცხადებით, პროექტის განვითარება ტურიზმში არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტა.
„ხშირად მჭირდებოდა საოჯახო მეურნეობები, ავთენტური გარემო, თუმცა არ მინდოდა ოთხი-ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს კონცეფციები. ამ მიმართულებით სერვისის პრობლემებს ვხვდებოდი და გადავწყვიტე, რომ ჩვენი სახლი განმეახლებინა“, - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ „ბართლომეს მეღვინეობა“ სტუმრებს ამ ეტაპზე ღვინის დეგუსტაციებს, კვებასა და განთავსების სერვისს სთავაზობს. ობიექტს დაახლოებით 20 ტურისტის მიღება შეუძლია.
„გვაქვს გეგმები გასტრონომიული ტურიზმის, მასტერკლასების მიმართულებითაც. ასევე გვინდა კულტურული ტურების განვითარება, რადგან ლოკაციის გამო გვაქვს შესაძლებლობა, სტუმრებს კახეთის მნიშვნელოვანი ადგილები შევთავაზოთ“, - აღნიშნა მარიამ ხოსროშვილმა.