
"ბათუმი ისევ ორთვიან კურორტად იქცა... თუ ბათუმურად წვიმს, ტურისტი ვერაფერს აკეთებს|თემურ დიასამიძის ანალიზი
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ დიასამიძეს ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სკეპტიკური მოლოდინები აქვს.
მისი განცხადებით, მიუხედავად აჭარის მთავრობის ოპტიმიზმისა, კერძო სექტორში რეალობა მკვეთრად განსხვავებულია, რადგან ტურისტული სეზონი სულ უფრო ხანმოკლე ხდება, ადგილობრივი ბიზნესი კონკურენციას აგებს ჩამოსულ მიგრანტებთან, ბათუმი კი, კვლავ „ორთვიან საზაფხულო კურორტად“ იქცა.
უფასო პარკინგი, აუზი ბულვარში, უკანონო ობიექტების დემონტაჟი... |რა სიახლეებით ხვდება ტურისტებს აჭარა?
მიმდინარე საზაფხულო სეზონის მოლოდინებსა და არსებულ გამოწვევებზე ტურიზმის ექსპერტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
თემურ დიასამიძე პოზიტიურად აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ყოველდღიურ, პერსონალურ ჩართულობას, თუმცა აღნიშნავს, რომ რეალურად ქალაქში ახალი სერვისები და ინფრასტრუქტურული მზაობა ნაკლებად იგრძნობა.
"სხვა თავმჯდომარეებისგან განსხვავებით, ბატონი ზურაბ პატარაძე ნამდვილად დილაობით არის ხოლმე ბულვარში... ეს მისასალმებელია და მასზე მხოლოდ დადებითად მეტყველებს, თუმცა ტურისტულ სერვისებში რა არის განახლებული, სიმართლე გითხრათ, ქალაქში ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ზაფხულის სეზონისთვის კურორტის მზადყოფნას, მაგალითად, პლაჟი აშკარად არ არის მზად - რბილად რომ ვთქვათ, დაბინძურებულია. ზღვის დაბინძურებას ხელისუფლებას არ დავაბრალებ, თუმცა ამ პროცესის მენეჯმენტზე ნამდვილად შეიძლება საუბარი… გარდა ამისა, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია - არა მხოლოდ ტურისტული, არამედ ზოგადი ინფრასტრუქტურაც, ბევრი ქუჩაა გასაკეთებელი. პარკირების პრობლემა კი ფაქტობრივად გადაუჭრელი გახდა ბათუმში“, - ამბობს თემურ დიასამიძე.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ბათუმი ოთხსეზონიან კურორტად ვერ ყალიბდება და კვლავ მოკლევადიან, სეზონურ მოდელს უბრუნდება, რის გამოც პრობლემები წლების განმავლობაში მხოლოდ ღრმავდება.
"ბათუმი ბოლო წლების განმავლობაში ისევ 2-3-თვიანი სეზონის ქალაქი გახდა, როგორც კომუნისტების და ასლან აბაშიძის პერიოდში გვახსოვს - ძირითადად, ივლისი და აგვისტო იტვირთება. სეზონი უფრო და უფრო მცირდება. ტურისტული პროდუქტის მხრივ მრავალფეროვნება არ არის, რაც შარშან იყო, ზუსტად იგივეა: საზღვაო დასვენება, ტურები მთიან აჭარაში და გასტრონომია. ფესტივალებისა თუ კულტურული აფიშების კუთხით სეზონი საკმაოდ მდორედ მიმდინარეობს.
მართალია, ტურიზმის დეპარტამენტი პრომოუშენის კუთხით აქტიურად მუშაობს და ცდილობს, რომ მხოლოდ რუსულენოვან სეგმენტზე არ ვიყოთ დამოკიდებული - ატარებენ აქტივობებს ჩინეთისა და აზიის მიმართულებით, თუმცა ევროპა ბოლო 1-2 წელია დავიწყებულია. აზიიდან არის მატება, მაგრამ ეს არ არის ისეთი ნაკადი, რომელიც სეზონის დინამიკას შეცვლის“, - აცხადებს ის.
თემურ დიასამიძის აზრით, ტურისტული პროდუქტი მხოლოდ სასტუმრო და რესტორანი არ არის.
"ბათუმში თუ წვიმს, ფაქტობრივად, ვერაფერს აკეთებ. ბათუმი რეგიონის ფლაგმანია და თუ აქ ასეთი სიტუაციაა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება ქობულეთში, გონიოსა თუ კვარიათში?! სამწუხაროდ, არ არსებობს გეგმა, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა, რომ ეს ბიზნესი ადგილობრივებისთვის მომგებიანი და მდგრადი იყოს", - აღნიშნა მან.
რაშია გამოსავალი? - ექსპერტის ხედვით, ახალი „ველოსიპედის გამოგონება“ საჭირო არ არის და ბათუმის მიმზიდველობისა და ღამის თევის მაჩვენებლის გასაზრდელად კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.
"მუზეუმებზე, ბავშვების გასართობ სივრცეებსა და გადახურულ ატრაქციონებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, სადაც ამინდი ხელს არ შეგიშლის და ჩამოსული ადამიანი 3-4 დღე სასტუმროში არ იქნება გამოკეტილი უბრალოდ იმის გამო, რომ ბათუმურად წვიმს. ასევე მნიშვნელოვანია ფუდ-კორტების მოწყობა, სადაც სხვადასხვა კუთხისა თუ ქვეყნის სამზარეულოს ერთ სივრცეში დააგემოვნებენ… ჩამოსული ადამიანი აქტიურად უნდა იყოს დაკავებული, თუკი ზღვაზე ან რესტორანში წასვლა არ უნდა“, - თქვა მან.
კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა, რაზედაც თემურ დიასამიძემ „წერტილთან“ ინტერვიუში გაამახვილა ყურადღება და რაც უშუალოდ აჭარის ტურიზმში დაკავებულ ადამიანებსა და კომპანიებს აწუხებთ, მიგრანტების მიერ შექმნილი პარალელური ეკოსისტემაა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობა ბაზრიდან ნაწილობრივ განდევნა.
მისი თქმით, ბოლო წლებში მიგრანტების მიერ 20 000-ზე მეტი სუბიექტი დარეგისტრირდა და მათი დიდი ნაწილი აქტიურად ჩაერთო ტურიზმის სექტორში.
"თუ წინა წლებში მიგრანტების გავლენა სარესტორნო ბიზნესში ნაკლებად იგრძნობოდა, დღეს საექსკურსიო სფეროშიც კი რუსულენოვან გარემოში დასაქმებული ქართველი გიდების რაოდენობა მინიმალურია. ისეთ გლობალურ პლატფორმებზე, როგორიცაა Tripster-ი და GetYourGuide-ი, სადაც მომხმარებლები ტურებს ჯავშნიან, ძირითადად, რუსულენოვანი ოპერატორები დომინირებენ. ისინი ეფექტურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ახდენენ საკუთარი პროდუქტის პრომოუშენს და კონკურენციაში ხშირად გვჯობნიან, რადგან ადგილობრივ სექტორში ახალგაზრდების დროული გადამზადება არ ხდება.
ამ ეტაპზე ბათუმის ტურისტული ბაზრის 70% სრულად არის დამოკიდებული რუსულენოვან სეგმენტზე - რუსეთზე, ბელარუსზე, ყაზახეთსა და უზბეკეთზე. ამავდროულად, ჩამოსულმა სპეციალისტებმა ადგილობრივი ბიზნესი მნიშვნელოვნად შეავიწროეს, რადგან ისინი საკუთარ ტურისტებს თავადვე სთავაზობენ სრულ სერვისს. შედეგად, საექსკურსიო და სარესტორნო მომსახურება, ღონისძიებების ორგანიზება, სასტუმროების იჯარა და ბინების გაქირავებაც კი მათ ხელში გადადის", - აღნიშნა მან.
თემურ დიასამიძემ ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევებზე საუბრისას მიმოიხილა აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციებიც, რადგან ბათუმში უძრავი ქონება, ძირითადად, საინვესტიციო მიზნით იყიდება. ექსპერტის აზრით, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდების ტენდენციაა, რაც პირდაპირ აისახება გასაქირავებელი ბინების ფასებზე.
„ბინების სეგმენტში მიწოდება ძალიან დიდია - ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ის, ფაქტობრივად, გაორმაგდა, გასაქირავებელი მშენებარე ბინების რაოდენობა კი კვლავ იზრდება. ამ პირობებში კონკურენცია, ძირითადად, ფასების კლებაში გამოიხატება. წარმოიდგინეთ შენობა, სადაც 600 ან 1000 აბსოლუტურად იდენტური, ერთნაირი დიზაინისა და მდებარეობის მქონე ბინაა. როგორ უნდა შევიდეთ ერთმანეთთან კონკურენციაში?! ერთადერთი გზა ფასის შემცირებაა, რათა კონკრეტული პროდუქტი უფრო მომხიბვლელი გახდეს. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია - ამ სეგმენტში ფასები აუცილებლად დაიკლებს.
თუ ორი წლის წინ ღამის თევა 40-45 დოლარის ეკვივალენტი ღირდა, ახლა ფასები, დაახლოებით, 25-30 დოლარიდან იწყება… როდესაც ტურისტული სეზონი შევა აქტიურ ფაზაში და ადამიანები დაინახავენ, რომ ჯავშნების ის რაოდენობა არ აქვთ, რაზედაც აქცენტს აკეთებდნენ, ფასს კიდევ უფრო დააკლებენ“, - აცხადებს თემურ დიასამიძე.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ იაფად დარჩენა ტურისტისთვის კარგია, თუმცა გარე ხარჯები (კვება, სერვისები) შარშანდელთან შედარებით 20-30%-ით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ორჯერ არის გაზრდილი, რაც ბათუმს თურქეთის კურორტებთან მიმართებით არაკონკურენტუნარიანს ხდის. მისი თქმით, საშუალო სეგმენტის დღიური ხარჯი ადამიანზე უკვე 150-200 ლარს აღწევს (ღამის თევის გარეშე).
BM.GE
წყარო: bm.ge