
ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა | ახალ ბინებში მ²-ის ღირებულება $1 408-მდე გაიზარდა
სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ გასული წლის სექტემბერთან შედარებით 10.4%-ით იკლო და 1,614 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 0.9%-ით 107 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში 48% შეადგინა.
"ბათუმში, სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 11.6%-ით შემცირდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 8.8%-ით მოიმატა. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის კლება მხოლოდ პირველად ბაზარზე დაფიქსირდა (-38%), რაც აიხსნება, გასულ წელს რამდენიმე პროექტში ერთიანად დარეგისტრირებული ტრანზაქციებით. მეორეულ ბაზარზე კი მაჩვენებელმა 27.3%-ით მოიმატა", - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.
ჯამური გაყიდვების კლების მიუხედავად, სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის სექტემბერთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,408 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 10.7%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 9.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
"პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის გარეშე პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილმა ფასმა 4.6%-ით მოიმატა", - ნათქვამია მიმოხილვაში.
BM.GE
წყარო: bm.ge