
ბაზარზე მალე ქართული სნექი BITE გამოჩნდება|სტარტაპის გეგმები
გლობალურ ბაზარზე კვების ტექნოლოგიების ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება, ქართულ ბაზარზე კი ეს მიმართულება ახლა იკიდებს ფეხს. ერთ-ერთ პირველ ასეთ სტარტაპად უკვე მოიაზრება Taste Lab, რომელმაც ბაზარზე სულ რაღაც ორი კვირის წინ წარადგინა ინოვაციური პროდუქტი BITE და უკვე აქტიურად ემზადება ქსელურ მარკეტებში შესასვლელად.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები BMGTV-ს გადაცემაში აცხადებენ, Taste Lab-ის მიზანია ტრადიციული ქართული ინგრედიენტებისა და თანამედროვე კვების ტექნოლოგიების შერწყმით შექმნას ჯანსაღი, ფუნქციური სნექების ახალი კატეგორია. მათი პირველი პროდუქტი სახელად BITE იოგურტსა და მაწონზე დაფუძნებული ხრაშუნა სნექია, რომელიც სუბლიმაციის, ანუ სწრაფი გაყინვისა და შრობის ტექნოლოგიით მზადდება.
სანდრო კანდელაკი განმარტავს, რომ პროდუქტი არ შეიცავს დამატებულ შაქარს და, სრულფასოვან ჯანსაღ ალტერნატივას ქმნის თანამედროვე სწრაფი კვების ბაზარზე.
"ამ ყველაფრის დაწყების ინიციატივა იყო ის, რომ გუნდში თითოეულს გვქონდა ჯანსაღი სნექების ნაკლებობა… დავინახეთ სიცარიელე ამ მხრივ ბაზარზე და ვიპოვეთ ტექნოლოგიური გზა - სუბლიმირების ტექნოლოგია და ფუნქციური კვების მიმართულება", - ამბობს იგი.
მისივე თქმით, რძის პროდუქტებზე დაფუძნებული სნექების შექმნა დამატებით ტექნოლოგიურ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, თუმცა პროცესმა შესაძლებელი გახადა როგორც ნუტრიციული ღირებულებების შენარჩუნება, ისე ახალი ფორმატის პროდუქტის მიღება.
"რძის პროდუქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შეიცავს პრობიოტიკებს, კალციუმს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ყველაფერი შეგვენარჩუნებინა და თან შეგვექმნა გემრიელი, ხილისა და სხვა ინგრედიენტებთან შერეული სნექი", - აღნიშნავს კანდელაკი.
ამ ეტაპზე BITE წარმოდგენილია ოთხი სხვადასხვა გემოთი, მათ შორის ჟოლო-მაწონი და მარწყვის ჩიზქეიქი.
"გვინდა მაწონი ისეთივე საერთაშორისო ბრენდად ვაქციოთ, როგორიც მაგალითად ბერძნული იოგურტია", - ამბობს სანდრო კანდელაკი.
კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო ქერდიკაშვილი კი აღნიშნავს, რომ პროდუქტის მიმართ ინტერესმა უკვე პირველივე დღეებში მაღალი მოლოდინები შექმნა: „ვინც გასინჯა BITE, ყველა აღფრთოვანდა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი ტიპის სნექებზე მოთხოვნა იზრდება“, - ამბობს ის და დასძენს, რომ კომპანიამ ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო რამდენიმე ქსელურ მარკეტთან და პროდუქტის ფართო ქსელში გამოჩენა უკვე ახლო მომავალში იგეგმება.
„სამ-ოთხ ქსელთან გვაქვს მოლაპარაკება, ერთთან შეთანხმება უკვე პრაქტიკულად მიღწეულია, დანარჩენები პროცესშია“, - აცხადებს ის.
კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში პროდუქტი დროებით დეფიციტშიც აღმოჩნდეს, რადგან წარმოების მოცულობა ამ ეტაპზე შეზღუდულია. ამჟამად თვეში დაახლოებით 8,000 ერთეული მზადდება, თუმცა წლის ბოლომდე მიზანი 20,000 ერთეულამდე გაზრდაა.
რაც შეეხება ფასს, 40-გრამიანი სნექი ქსელურ მარკეტებში დაახლოებით 11–12 ლარის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.
„ეს მცირე რაოდენობა შეიძლება ჩანდეს, მაგრამ რეალურად მის მისაღებად გაცილებით დიდი მოცულობის ნედლეული გამოიყენება. პროდუქტი საკმაოდ მსუყე და ენერგეტიკულად მდიდარია“, - აღნიშნავს სანდრო კანდელაკი.
Taste Lab-ის გუნდში აცხადებენ, რომ პარალელურად მიმდინარეობს ახალი გემოების ტესტირებაც და პროდუქტის განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრენდებზეა მორგებული. კომპანია უკვე სატესტო ექსპორტსაც ახორციელებს ამერიკის ბაზარზე, რაც მათი თქმით, გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.
BM.GE
წყარო: bm.ge