
„ბელა“ პეკინის ქუჩაზე ახალ მე-17 ფილიალს ხსნის – კომპანია ქსელის სრულ რედიზაინს გეგმავს
საკონდიტრო „ბელა“ თბილისში ქსელს აფართოებს და პეკინის ქუჩაზე მე-17 ფილიალს განახლებული კონცეფციით ხსნის. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მატა შველიძე BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ აცხადებს, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ქსელის ყველა ფილიალი ახალ დიზაინზე გადავა.
ამჟამად „ბელას“ თბილისში 15, რუსთავში კი ერთი ფილიალი აქვს. ახალი ობიექტის გახსნა დაახლოებით ერთ კვირაში იგეგმება.
„ბოლო პერიოდში კომპანიაში საწარმოო მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მათ შორის, დაინერგა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი FSSC 22000, ხოლო წარმოება ერთი წლის განმავლობაში 24-საათიან უწყვეტ რეჟიმზე გადავიდა. ასევე დაგვემატა ორი ფილიალი. დაახლოებით ერთ კვირაში უკვე იხსნება ახალი ფილიალი პეკინზე, განახლებული დიზაინით. მე-17 ფილიალი გვემატება თვის ბოლომდე“, – აცხადებს მატა შველიძე.
მისივე განმარტებით, ახალი ობიექტი განსხვავებული ვიზუალური კონცეფციითა და განახლებული ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი. ცვლილებები შეეხება როგორც ლოგოს, ისე ინტერიერს. დიზაინზე კომპანიამ სპეციალისტთან ერთად იმუშავა და ამავე კონცეფციით განახლდება დანარჩენი ფილიალებიც.
„აბსოლუტურად შევცვალეთ დიზაინი, როგორც ლოგოს, ისე ინტერიერის მიმართულებით. მე-17 ფილიალში ახალი ასორტიმენტიც იქნება წარმოდგენილი. ამ ფორმატით შეიცვლება დანარჩენი ყველა ფილიალი მთელი წლის განმავლობაში. დიზაინერმა იმუშავა და უკვე ამ კონცეფციით გაგრძელდება სხვა მაღაზიების განახლებაც“, – განმარტავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და დასძენს, რომ ამჟამად „ბელა“ დაახლოებით 250 ადამიანს ასაქმებს, მათ შორის 66 კონსულტანტია. ახალ ფილიალში კი დამატებით 7 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო პერიოდში დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. მისი თქმით, ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად ახალი პროდუქტის ხაზის დამატებას ასახელებს, რომელიც მსუბუქი ტექსტურისა და თანამედროვე დესერტებს აერთიანებს. ამასთან, კომპანია ტრადიციული გემოებისა და არსებული ასორტიმენტის შენარჩუნებასაც აგრძელებს.
„ჩვენი კონცეფცია და ხედვა ასეთია: ჩვენს საკონდიტროში ყველა მომხმარებელმა უნდა იპოვოს მისთვის საყვარელი დესერტი – მათ შორის, ვისაც ტრადიციული გემოები მოსწონს, ვინც მსუბუქი ტექსტურის თანამედროვე დესერტებს ეძებს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია უშაქრო ან ნაკლებად ტკბილი პროდუქტი. პროტეინის მიმართულებითაც ვამატებთ პროდუქტებს“, – ამბობს მატა შველიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge