
კენტი და ლუწი ნომრების შეზღუდვა არ გაამართლებს, ფასიანი ზონები კი უფრო ეფექტიანი იქნება - ეკა ლალიაშვილი
თბილისში კენტი და ლუწი ნომრების მიხედვით ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს, ხოლო ცენტრალურ ნაწილში ფასიანი ზონების დაწესება უფრო გამართლებულ მიდგომად მიაჩნია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი" ისაუბრა.
ეკა ლალიაშვილის თქმით, კენტი და ლუწი ნომრების შეზღუდვის გამოცდილება წარსულშიც არსებობდა, თუმცა მაშინაც არ გაამართლა. მისი განმარტებით, ამ წესის პირობებში მოქალაქეებმა შესაძლოა მეორე ავტომობილი შეიძინონ და შეზღუდვის გვერდის ავლა შეძლონ.
„კენტი და ლუწი ნომრის ავტომობილები, ეს გამოცდილება ათწლეულების წინ იყო, ოღონდ მაშინ იყო ეს, როდესაც ჯერ საქართველოში ამაზე არც ვსაუბრობდით, ჯერ ასეთი მწვავე არ იყო საცობების პრობლემა. და მაშინაც არ გაამართლა. ამაზე ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ უკვე ჩვენ, რომ ვერ ამართლებს, იმიტომ რომ საქართველოში [მოქალაქე] მეორე მანქანას აუცილებლად შეიძენს და რაღაცას მოახერხებს ისე, რომ არ დაემორჩილოს ამ წესს“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
რაც შეეხება ფასიანი ზონების დაწესებას, ლალიაშვილის თქმით, ცენტრალურ ნაწილში ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის ეს მეთოდი სხვა ქალაქებში გამოიყენება. თუმცა, მისივე განმარტებით, თბილისის შემთხვევაში საჭიროა ადგილობრივი პირობების გათვალისწინება და კვლევის საფუძველზე საპილოტე პროექტის განხორციელება.
„ეს უფრო გამართლებული მეთოდია ცენტრალურ ნაწილში მანქანების შეზღუდვა. ეს ინტერვენცია ახლაც მუშაობს და კარგად მუშაობს სხვა ქალაქებში, ლონდონი არის გამორჩეულად ცნობილი ამით და სხვა ქალაქები, სადაც ფასი არის დაწესებული [ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადაადგილებაზე]“, - აღნიშნა მან.
მისივე შეფასებით, საცობების შესამცირებლად მნიშვნელოვანია ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებაც, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების კონტროლსა და მართვას უზრუნველყოფს. ამასთან, ლალიაშვილის თქმით, სხვადასხვა ღონისძიებამ შედეგი შესაძლოა მხოლოდ ერთობლიობაში მოიტანოს, რადგან ავტომობილების რაოდენობის ზრდის პირობებში ცალკეული ზომები საკმარისი არ იქნება.
„სხვადასხვა ინტერვენციები ერთად მოგვცემს გარკვეულ შედეგს, მაგრამ იმის ფონზე, რომ ავტომობილების რაოდენობა კვლავ იზრდებოდეს, ბუნებრივია, ვერცერთი ინტერვენცია ვერ მოერევა. ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება პარალელურად ამას დაეხმარება“, - განაცხადა მან.
ლალიაშვილის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება მოიცავს არა მხოლოდ ავტობუსების დამატებას, არამედ სატრანსპორტო ქსელის გაფართოებას, ავტობუსის ზოლების ერთმანეთთან დაკავშირებას, შუქნიშნების სისტემის განვითარებასა და მეტროს რეაბილიტაციას.
BM.GE
წყარო: bm.ge