
ბელორუსული რძის იმპორტი, ყურძნის სპირტის ექსპორტი - რაზე ესაუბრა დავით სონღულაშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს?
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება შეიძლება.
„საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. სოფლის მეურნეობა ორივე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და სტრატეგიული დარგია, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის განვითარებისათვის მყარ საფუძველს ქმნის. არსებობს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ბელარუსიდან რძისა და რძის პროდუქტების ექსპორტისთვის, ხოლო საქართველოდან ღვინისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე გასატანად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება გარემოს დაცვის და ტყის მართვის საკითხებში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, იური შულეიკომ საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის საქმიანობის განახლება მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.
„საქართველო გამოირჩევა მაღალი ხარისხის აგროპროდუქციით განსაკუთრებით ხილით, ბოსტნეულითა და ღვინის წარმოების ტრადიციებით, რაც საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად აძლიერებს. გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი განხილული მიმართულება შეეხებოდა ღვინისა და კონიაკის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის, მათ შორის ყურძნის სპირტის, მიწოდებასა და სავაჭრო მიმოცვლას. ამავდროულად, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სავაჭრო ურთიერთობების სისტემურ და გამჭვირვალე მართვას. აღნიშნული პროცესები მოითხოვს ერთიან, თანმიმდევრულ მიდგომას, რომელიც უზრუნველყოფს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებასა და პროგნოზირებადობას. დასასრულს, შევთანხმდით, რომ მომდევნო შეხვედრა გაიმართება მომავალ წელს ბელარუსში, სადაც შევაჯამებთ მიღწეულ პროგრესს და წარმოვადგენთ თანამშრომლობის კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა იური შულეიკომ.
ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge