მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიძინა ივანიშვილი RSF-ის 2026 წლის თავისუფალი მედიის მტრების სიაში მოხვდა
ბიძინა ივანიშვილი RSF-ის 2026 წლის თავისუფალი მედიის მტრების სიაში მოხვდა

ბიძინა ივანიშვილი RSF-ის 2026 წლის თავისუფალი მედიის მტრების სიაში მოხვდა

BM.GE2 ნოემბერი, 2026, 20:02|bm.ge

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" (RSF) 2026 წლის თავისუფალი მედიის მტრების სიაში მოხვდა.

on.ge-ის თანახმად, ის ამ ჩამონათვალში "ეკონომიკური" კატეგორიითაა წარმოდგენილი, რომლის განმარტებაცაა: "ისინი მედიას ფინანსურად ანადგურებენ".

RSF-მა 2 ნოემბერს გამოაქვეყნა სია, რომელიც 33 პირსა და ორგანიზაციას აერთიანებს. ორგანიზაციის შეფასებით, თითოეულ მათგანს განსხვავებული მეთოდები აქვს, თუმცა საერთო მიზანი - დამოუკიდებელი ხმების ჩახშობა და ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვაა. ამ მეთოდებს შორის RSF ასახელებს ჟურნალისტების მკვლელობას, დაპატიმრებას, პროპაგანდას, ტროლების არმიის გამოყენებას, სამართლებრივ დევნასა და მედიაზე ეკონომიკურ ზეწოლას.

RSF ივანიშვილთან დაკავშირებით წერს, რომ ის საქართველოს ხელისუფლების უკან მდგომ რეალურ ძალად რჩება. მისი ბიზნესიმპერია და გავლენების ქსელი მას საშუალებას აძლევს, მკაცრი კონტროლი ჰქონდეს ქვეყნის მედიაგარემოზე, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მხარდამჭერ ტელეკომპანიებზე, მათ შორის "იმედსა" და "რუსთავი 2"-ზე.

RSF-ის შეფასებით, მისი გავლენით ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის პოლიტიკას ემსახურება. ამისთვის გამოიყენება ფინანსური ზეწოლა, რეპრესიული კანონები, ცენზურა და სამართლებრივი დევნა. ორგანიზაციის განცხადებით, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს სტიგმატიზებენ, აშინებენ და აჩუმებენ.

ორგანიზაცია იმ მიზეზებსაც ჩამოთვლის, რის გამო მოხვდა ივანიშვილი ამ სიაში:

1. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება;

2. ახალი რეპრესიული კანონების მიღება, რომლებიც უცხოური დაფინანსების გარკვეულ ფორმებს სისხლისსამართლებრივად დასჯადს ხდის და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და მისი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას;

მაუწყებლობის მარეგულირებლის მანიპულირება იმ ტელეარხების დასასანქცირებლად, რომლებიც ხელისუფლებას ანგარიშს სთხოვენ. მათ შორის RSF ასახელებს ტელეკომპანიებს "ფორმულასა" და "TV პირველს". ორგანიზაციის ცნობით, მარეგულირებელმა მათ ხელისუფლების კრიტიკის შემცველი გარკვეული გამოთქმების გამოყენებაც კი აუკრძალა;

4. ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართლებრივი დავებისა და სანქციების რაოდენობის ზრდა, ასევე პარლამენტში მათი აკრედიტაციის შეზღუდვა.

აღნიშნულ სიაში ივანიშვილთან ერთად სხვა კატეგორიებში დასახელებული არიან პოლიტიკური ლიდერები და ორგანიზაციები.

"პოლიტიკურ" კატეგორიაში, რომლის განმარტებაა "ისინი საკუთარ ქვეყნებში ინფორმაციას ახშობენ", მოხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

RSF-ის შეფასებით, ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პრესაზე თავდასხმების გამო მოხვდა სიაში. ორგანიზაცია წერს, რომ მისი ქმედებები სცდება რიტორიკასა და საჯარო პოლიტიკას და ჟურნალისტებისთვის ფიზიკური შეზღუდვების დაწესებასაც მოიცავს.

"უსაფრთხოების" კატეგორიაში, რომლის განმარტებაა "ისინი კლავენ, თავს ესხმიან და აპატიმრებენ ჟურნალისტებს", დასახელებული არიან ისრაელის შეიარაღებული ძალები და ჩინეთის კომუნისტური პარტია. RSF-ის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა და ისრაელის შეიარაღებული ძალები ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიულ პოლიტიკას ატარებენ ღაზაში, დასავლეთ სანაპიროსა და ლიბანში. ჩინეთის კომუნისტური პარტიის შემთხვევაში კი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჩინეთი მსოფლიოში ჟურნალისტების დაპატიმრების ყველაზე მასშტაბური ადგილია. ამავე კატეგორიაში არიან მექსიკური ნარკოკარტელები და ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი. ორგანიზაციის ცნობით, ეგვიპტის ხელისუფლებამ ბოლო კვირებში ფაქტების გადამოწმების ვებგვერდის, Matsaddash-ის ჟურნალისტები დააკავა და გამოცემა Mada Masr დახურა.

"სამართლებრივ" კატეგორიაში — "ისინი ჟურნალისტებს სასამართლო დევნას უქვემდებარებენ" — თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი და ინდოელი ბიზნესმენის, გაუტამ ადანის კონგლომერატი მოხვდნენ. RSF-ის შეფასებით, ისინი მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართლებრივ მექანიზმებს იყენებენ და ჟურნალისტიკის კრიმინალიზებას უწყობენ ხელს.

"სოციალურ" კატეგორიაში, რომლის განმარტებაა "ისინი მედიას ლაფს ასხამენ და ჟურნალისტების მიმართ უნდობლობას აღვივებენ", დასახელებული არიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო, ილონ მასკი და რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი. ამავე კატეგორიაში არიან ბურკინა-ფასოს სწრაფი კომუნიკაციის ინტერვენციის ბატალიონი (BIR-C) და ინდური გამოცემა OpIndia. RSF-ის თანახმად, ამ ჯგუფის წარმომადგენლები დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ ციფრულ თავდასხმებს იყენებენ და საზოგადოებაში მედიის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას აღვივებენ. ორგანიზაციის მიერ მოყვანილი მონაცემებით, მილეიმ 2026 წლის აპრილიდან მაისამდე, 47 დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელ X-ზე მედიის წინააღმდეგ მიმართული 1 600-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნა.

RSF-ის "ეკონომიკურ" კატეგორიაში ივანიშვილთან ერთად დასახელებული არიან ტექნოლოგიური გიგანტები Alphabet და Meta, ფრანგი მილიარდერი ვინსენტ ბოლორე და პოლიტიკური ფიგურა ვლადიმირ ტაბაკი. ორგანიზაციის შეფასებით, ისინი ფინანსური ზეწოლის სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ დამოუკიდებელი მედიის დასუსტებას, მისი დაფინანსების შეზღუდვასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გავლენის მოხდენას.

RSF-ის გენერალური დირექტორის, ტიბო ბრუტენის განცხადებით, პრესის თავისუფლების მტაცებლების სია ორგანიზაციის ერთგვარი "ოქროს ჟოლოს" დაჯილდოებაა — ირონიული ფორმით შედგენილი ჩამონათვალი, რომელიც პრესის წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მძიმე თავდასხმებსა და დარღვევებს წარმოაჩენს. მისი თქმით, სია სუბიექტურია, თუმცა მასში მხოლოდ ის ლიდერები და ორგანიზაციები ხვდებიან, რომლებმაც წლის განმავლობაში მედიის წინააღმდეგ მოქმედების აშკარა განზრახვა გამოავლინეს.

2026 წლის სიაში აღარ არიან გასული წლის ჩამონათვალის რამდენიმე ფიგურა: ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი, ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი.

RSF-ის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველოს პოზიცია ბოლო წლებში თანმიმდევრულად უარესდება. 2021 წელს ქვეყანა 180 ქვეყანას შორის 60-ე ადგილს იკავებდა, 2022 წელს — 89-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, 2023 წელს კი 77-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2024 წელს საქართველომ რეიტინგში 26 პოზიციით დაიხია უკან და 103-ე ადგილზე აღმოჩნდა, 2025 წელს — 114-ე, ხოლო 2026 წელს — 135-ე ადგილზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • ივანიშვილმა საქართველო აქცია კაზინოების, "ქოლ ცენტრების" კარტელად აქცია - ირაკლი კუპრაძეტვ პირველი
  • დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა, მისი თქმით ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეაფორმულა
  • ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია - პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პუტინი, საფრანგეთში პროცესებია - პუტინი, "ჩელიაბინსკის სინდრომი" მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია რუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
ივანიშვილის →

მსგავსი სტატიები

გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

BM.GE

სამწუხაროა, როცა ორგზის პრემიერს შეთითხნილი ბრალით ასამართლებენ - ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი

სამწუხაროა, როცა ორგზის პრემიერს შეთითხნილი ბრალით ასამართლებენ - ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი

BM.GE

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო

BM.GE

სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდთან მაღაზიები ხანძარი გაჩნდა - საგანგებო სამსახური

სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდთან მაღაზიები ხანძარი გაჩნდა - საგანგებო სამსახური

BM.GE