მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბინები იყიდება, მაგრამ აღარ რემონტდება" – თამაზ დაუშვილი
"ბინები იყიდება, მაგრამ აღარ რემონტდება" – თამაზ დაუშვილი

"ბინები იყიდება, მაგრამ აღარ რემონტდება" – თამაზ დაუშვილი

BM.GE18 ივლისი, 2026, 17:55|bm.ge

"დიოს" დამფუძნებელი თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ ბინები იყიდება, მაგრამ აღარ რემონტდება. რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სამშენებლო სერვისების ინდუსტრია და რა როლს ასრულებს ამ პროცესში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი - მან ამ საკითხებზე გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

ის BMG-ის ეთერში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსის ბოლო კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ბიზნესსაქმიანობის ხელშემშლელ ძირითად ფაქტორებს შორის მოთხოვნის სიმცირე რესპონდენტთა 32%-მა დაასახელა.

თამაზ დაუშვილის განმარტებით, სამშენებლო სექტორში გაყიდვები მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა ძირითადი პრობლემა მშენებლობის დასრულების შემდგომ ეტაპზე იჩენს თავს, როდესაც საქმე რემონტსა და კეთილმოწყობას ეხება.

"მთლიანობაში სამშენებლო სექტორს ნაკლები პრობლემები აქვს, მათი გაყიდვები მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ პრობლემა შემდგომ ეტაპზე იწყება. ადამიანები თავს იკავებენ რემონტისგან. ყველა იმ კომპანიასთან თუ სუბიექტთან გვაქვს კომუნიკაცია, რომელიც ჩართულია მშენებლობის შემდგომ სერვისებში და აბსოლუტურად ყველა ერთსა და იმავეს ამბობს. თუნდაც ელიავას ბაზრობის მაგალითი რომ ავიღოთ - იქიდან მიღებული ინფორმაცია ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, რადგან იქ ბევრი კომპანიაა თავმოყრილი", - აღნიშნავს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, უძრავი ქონება კვლავ რჩება საინვესტიციო მიზიდულობის ცენტრად, განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის, თუმცა ბაზარზე არსებული რეალობა მაინც იცვლება.

"აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ადამიანები კვლავ აკეთებენ ინვესტირებას უძრავ ქონებაში, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ყველაზე სტაბილური ინვესტიცია. განსაკუთრებით ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც უცხოეთში - ამერიკა იქნება თუ ევროპა - მიღებული შემოსავლით იქ ბინას ვერ იყიდიან და დანაზოგს ისევ საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში აბანდებენ. მაგრამ, იმის გამო, რომ გაქირავების ბიზნესი შემცირდა და შესაბამისად, შემოსავლებიც იკლებს, ეს ინფორმაცია ყველამდე მიდის. შედეგად, ბინები იყიდება, მაგრამ აღარ რემონტდება. ეს ტენდენცია ძალიან თვალში საცემია და განსაკუთრებით წელს შეიმჩნევა. ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა მოლოდინი, რომ პროცესები ასე გაგრძელდებოდა", - ამბობს "დიოს" დამფუძნებელი.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ სამომხმარებლო ქცევის ამგვარ ცვლილებაზე გავლენას როგორც ზოგადი განწყობები, ისე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ფონი ახდენს: "ალბათ გავლენას ახდენს მოსახლეობის ზოგადი განწყობები და რეგიონში არსებული პრობლემები - უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული გაწელილი ომი. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყანაში ასე თუ ისე მშვიდი გარემო გვაქვს, მაგრამ ადამიანები მაინც ფრთხილად უდგებიან ისეთი პროდუქციის შეძენას, რომელიც ფუფუნების საგნად მიიჩნევა".

"დიოს" დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა საშუალო ფენის სიმცირე და მისი დაბალი მსყიდველობითი უნარია.

"აქ საუბარია საშუალო ფენაზე, თორემ ვისაც "ლამბორგინის" ყიდვა უნდოდა, ის მას ისევ იყიდის. საშუალო ფენა არის ჩვენი მომხმარებელი, რომლისთვისაც ჩვენი პროდუქტი არ წარმოადგენს პირველადი მოხმარების საგანს. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში და ეკონომიკაში მთავარი პრობლემა სწორედ საშუალო ფენის მსყიდველობითი უნარია. ჩვენთან ძალიან სუსტი და ცოტაა საშუალო ფენა. ადამიანების უმეტესი ნაწილი საკუთარ შემოსავალს პირველადი მოხმარების საგნებზე, ძირითადად საკვებზე ხარჯავს და ძალიან ცოტას მიმართავს საკუთარი კეთილდღეობის გაზრდაზე", - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

კითხვაზე, თუ რის შესაძლებლობას იძლევა არსებული ეკონომიკური რეალობა - ზრდისა და გაფართოების, თუ უბრალოდ მედეგობის შენარჩუნების, თამაზ დაუშვილი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე დიდი შესაძლებლობები არ იკვეთება:

"არა, ამჟამად ნამდვილად არ არის ამის საშუალება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის მაგალითზე. არიან ბიზნესები, რომელთა პროდუქციაც მარტივად გადის ექსპორტზე. ჩვენი პროდუქცია კი ასე მარტივად ექსპორტზე ვერ გადის, რადგან ის არასტანდარტიზებულია. შესაბამისად, ჩვენი კომპანია მთლიანად დამოკიდებულია ქართულ ბაზარზე და მის განვითარებაზე. ამიტომ, ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე დიდ შესაძლებლობებს ვერ ვხედავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს გეგმები, რომ როგორმე შევიდეთ ევროპის ან უფრო შორ ბაზრებზე, მაგრამ ჩვენნაირი პროფილის კომპანიებისთვის ეს არც ისე იოლი გასაკეთებელია", - ამბობს დაუშვილი.

თამაზ დაუშვილი კრიტიკულად აფასებს ქვეყნის ეკონომიკურ მოდელს და მიიჩნევს, რომ 2031 წლამდე პროგნოზირებული, საშუალოდ 5.4%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო განვითარებულ ქვეყნებს სწრაფად ვერ დაეწევა. მისი თქმით, აუცილებელია აქცენტის გადატანა მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და შრომის პროდუქტიულობის გაზრდაზე.

"მიმაჩნია, რომ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა არასწორად არის მოწყობილი. ამიტომაც არის, რომ 5.4%-იანი ზრდა გვაქვს დაგეგმილი - ამ ტემპით 30 წელიც კი არ გვეყოფა იმისთვის, რომ თუნდაც ბულგარეთს დავეწიოთ.

ჩვენი ზომის ნებისმიერი წარმატებული ქვეყანა ვერ გამდიდრდება მხოლოდ ტურიზმიდან და მშენებლობიდან. ეს არ არის ის სფეროები, სადაც მოქალაქე მდიდრდება. რას ნიშნავს ადამიანის გამდიდრება? დღეს ჩემი კომპანიის თითოეული თანამშრომლის მიერ გამომუშავებული პროდუქცია წელიწადში, პირობითად, 80-90 ათასი ლარია. გერმანიაში კი ეს მონაცემი თვეში 80 000 დოლარის ეკვივალენტია. ეს ნიშნავს, რომ იქ შრომის ეფექტურობა და პროდუქტიულობა ძალიან მაღალია, ინდუსტრია ისეა მოწყობილი, რომ კომპანიაც მეტს გამოიმუშავებს და ხელფასების წილიც გაცილებით მაღალია", - განმარტავს ბიზნესმენი.

მისივე ხედვით, ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც საქართველო აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს, რომელიც სეზონურობის მიუხედავად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაიყიდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Volkswagen-ი დამატებით 50 000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას განიხილავს

Volkswagen-ი დამატებით 50 000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას განიხილავს

BM.GE

მზის სადგურების მშენებლობა 20-25%-ითაა გაძვირებული, ინვესტორები თავს იკავებენ - ასოციაცია

მზის სადგურების მშენებლობა 20-25%-ითაა გაძვირებული, ინვესტორები თავს იკავებენ - ასოციაცია

BM.GE

"დროებით გვიწევს პროგრამული ბადის შემცირება" - „თრიალეთი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

"დროებით გვიწევს პროგრამული ბადის შემცირება" - „თრიალეთი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

BM.GE

"კომპანიებს უამრავი საშუალება გვაქვს დასაქმების და კადრებს ვერ ვპოულობთ"|რა გამოწვევები აქვს ბიზნესს

"კომპანიებს უამრავი საშუალება გვაქვს დასაქმების და კადრებს ვერ ვპოულობთ"|რა გამოწვევები აქვს ბიზნესს

BM.GE