
ბიზნესაქტივობა პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა, რაც გავლენას ახდენს ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე - ვახტანგ ცინცაძე
"ბიზნესაქტივობა პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა - აღნიშნული გავლენას ახდენს, როგორც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის, ისე რეექსპორტის ზრდაზე, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ 2026 წლის 4 თვის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
„ეკონომიკური ზრდა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლის ზრდას და ზოგადად ეკონომიკური დოვლათის გენერირებას“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ვახტანგ ცინცაძის თქმით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, სახელმწიფო პროგრამები და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
„ადგილობრივი წარმოება არის ზუსტად ის მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ქმნის მაღალ დამატებულ ღირებულებას, შემოდის უცხოური ინვესტიციები, ასაქმებს ადამიანებს. გარდა ამისა, არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომელიც უშუალოდ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ასევე გამოვყოფდი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმით გაიტანონ“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
საქსტატმა 2026 წლის აპრილის ექსპორტის წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც აპრილში საქართველოდან უცხოეთში 716 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99.4 მილიონი დოლარით, ანუ 16%-ით მეტია. ამასთან, 3%-ით, ანუ 44 მილიონი დოლარით შემცირდა იმპორტი და მან გასულ თვეში 1.48 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ჯამურად, 2026 წლის 4 თვეში საქართველოს ექსპორტი იყო 2.4 მილიარდი დოლარი, რაც წლიურად 21%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 5%-ით, 5.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
BM.GE
წყარო: bm.ge