
ბიზნესის პარალიზება და ბიუროკრატიული ბარიერები - რა პრობლემებს აწყდებიან მეწარმეები "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ
„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, ბიუროკრატიული ბარიერებისა და საჯარო რეესტრის მხრიდან არაერთგვაროვანი პრაქტიკის გამო, ბევრ ოპერირებად კომპანიას საქმიანობა ფაქტობრივად, შეუჩერდა.
როგორც BMG-სთან იურიდიული ფირმა GLCC-ის პარტნიორი ირაკლი გაფრინდაშვილი აცხადებს, პრობლემები ყველაზე მწვავედ იმ კომპანიებში ვლინდება, რომელთა პარტნიორები ან დირექტორები უცხოური იურიდიული და ფიზიკური პირები არიან.
მისი განმარტებით, საჯარო რეესტრი ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემულ ამონაწერებსა და კორპორატიულ დოკუმენტაციას ითხოვს, რაც ხშირად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
„რეესტრში ისეთი პრაქტიკაა, რომ დოკუმენტაცია ახალი უნდა იყოს. დავუშვათ, თუ ადგილობრივი კომპანიის პარტნიორი უცხოური იურიდიული პირია, ამ უცხოურმა იურიდიულმა პირმა ბოლო ექვსი თვის ამონაწერი და კორპორატიული დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს იმისთვის, რათა ჩაითვალოს, რომ ეს დოკუმენტაცია არის მისაღები სამეწარმეო რეესტრისთვის. ადრე ჩაბარებულ დოკუმენტაციას როგორც წესი, არ ეყრდნობიან.
პროცედურულად, ეს პროცესი საკმაოდ რთულდება ხოლმე, ვინაიდან სხვადასხვა იურისდიქციაში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია იგზავნება იქიდან. მაგალითად, ამერიკიდან გამოგზავნილ დოკუმენტაციას საკმაოდ ეჭვის თვალით უყურებენ, იმიტომ, რომ იქ უფრო, შიდა კორპორატიული დოკუმენტაციის წარმოება ხდება და პარტნიორების და აქციონერების რეესტრებს როგორც წესი, დირექტორები აწარმოებენ. ამიტომ, რიგი გაუგებრობებია სამეწარმეო რეესტრში, როდესაც ასეთი დოკუმენტაცია ჩამოდის“ - აცხადებს ირაკლი გაფრინდაშვილი BMG-სთან.
მისი განმარტებით, რაოდენობრივად ასეთი შემთხვევა, შესაძლოა, ბევრი არ იყოს, თუმცა, ამან რიგ შემთხვევებში, საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა არსებულ კომპანიებს და კომპანიის საქმიანობის შეჩერება გამოიწვია. პრობლემურია რეესტრის მხრიდან არაერთგვაროვანი მიდგომაც.
„ძალიან ხშირად არის სამეწარმეო რეესტრის რიგი თანამშრომლების მხრიდან საკმაოდ უწყინარ და მარტივ საკითხებში პრობლემების შექმნის შემთხვევები და მერე გადაწყვეტის გაჭიანურების საკითხიც, რაც, თავისთავად, სამწუხაროა“ - ამბობს ირაკლი გაფრინდაშვილი.
ამასთან, კანონის თანახმად, იმ კომპანიებს, რომლებმაც მონაცემები ვერ განაახლეს, ერთი წლის შემდეგ ლიკვიდაციის პროცესი დაეწყებათ. თუმცა, იურისტი ყურადღებას ამ პროცესის ბუნდოვანებაზეც ამახვილებს.
„თუ ქონება და აქტივები აქვთ ამ კომპანიებს, სად უნდა წავიდეს, ვის უნდა გადაეცეს? სასამართლომ ლიკვიდატორი უნდა დანიშნოს? ლიკვიდაციის პროცესი როგორ უნდა წარიმართოს? ეს კანონში აღარ არის დეტალურად გაწერილი. შესაბამისად, მომავალ წელს, ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დადგება თვითონ სამეწარმეო რეესტრიც. შესაძლოა, სასამართლოებიც გადაიტვირთოს, თუ სასამართლოს მიმართვის გზით გაუქმდა რიგი კომპანიების რეგისტრაცია, რომლებსაც გარკვეული ქონება და აქტივები გააჩნია - ასეთ კომპანიას პირდაპირ ვერ დაალიკვიდრებ და ესეც ცალკე პრობლემაა - ვიდრე საგადასახადო, თუ სხვა ტიპის ვალდებულებები არ გასტუმრდება, კომპანია ვერ ლიკვიდირდება“ - ამბობს ირაკლი გაფრინდაშვილი.
„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ძალაში 2022 წელს შევიდა, რომლის თანახმად, კომპანიებს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება დაევალათ. მათ შორის, პარტნიორთა, აქციონერთა და დირექტორთა შესახებ მონაცემების განახლება, საწარმოების სამართლებრივი ფორმების შესაბამისობაში მოყვანა, წესდებების გადამუშავება და რეესტრში ინფორმაციის დაზუსტება. მთავარ მიზნად კი, ბიზნესის შესახებ მონაცემების დაზუსტება და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება იყო დასახელებული.
მთავრობის ანგარიშის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან, ამ დროისთვის, დაახლოებით, 414 000 ბიზნესსუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემებია შესაბამისობაში მოყვანილი.
BM.GE
წყარო: bm.ge