
ბიზნესისგან ძირითად სოციალურ კალათაზე ფასების შემცირება დასაწყისისთვის კარგია - ირაკლი კობახიძე
"ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფასების პოლიტიკაზე დებატებისას, "იმედის" ეთერში განაცხადა.
პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ დასკვნა გუშინ წარადგინა. „რითეილ ასოციაციამ“ ფასების საპარლამენტო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე განაცხადა, რომ სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის. ასოციაციის თანახმად, წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკვე გავრცელდა რამდენიმე განცხადება ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ განისაზღვროს ძირითადი სოციალური კალათა და შემცირდეს ფასები, რაც დასაწყისისთვის კარგია. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.
„ამოცანა არ არის მარტივი, იმიტომ რომ საქმე ეხება ბიზნესს, რომელიც არის თავისუფალი და საკუთარი შეხედულების მიხედვით აწარმოებს საქმიანობას. ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება. შეიძლება მთლიანად ჩამოშალო საბაზრო ურთიერთობები უხეში ჩარევის პირობებში. ამიტომ მგრძნობიარეა ეს საკითხი და ბუნებრივია, ჩვენ არასდროს გვიფიქრია უხეში ჩარევა საბაზრო ურთიერთობებში. თუმცა ვფიქრობთ, რომ ბიზნესი თუ იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი. გავრცელდა რამდენიმე განცხადება ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ განისაზღვროს ძირითადი სოციალური კალათა და იქ მიღწეულ იქნეს ფასების შემცირება, რაც კარგია დასაწყისისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და, საბოლოო ჯამში გავალთ კონკრეტულ შედეგამდე, ეს არის მთავარი ამოცანა. საკითხი არის კომპლექსური და რთული, თუმცა თუ იქნება კოორდინირებული მუშაობა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, შედეგი არის მიღწევადი,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ფასებთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ამ საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა. მანამდე იყო გარკვეული კამპანიური სახის გზავნილები ფასებთან დაკავშირებით, გარკვეული ინფორმაციის გაზიარება ხდებოდა, მათ შორის, სოციალური მედიის მეშვეობით, მაგრამ აბსოლუტურად ზედაპირულად წარიმართებოდა დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით. პრინციპში, პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ამის საფუძველზე საზოგადოებას შეუძლია, უფრო ღრმა დასკვნები გამოიტანოს ყველაფრის შესახებ. ზოგადად, ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა, მათ შორის მტკივნეული უშუალოდ ხელისუფლებისთვის. კორუფციასთან დაკავშირებით დისკუსია ჩვენ თვითონ გავხსენით და საზოგადოებამ დღეს ბევრად მეტი იცის იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევები არსებობდა, დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით. ჩვენ გვქონდა დებატები, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიც არის იგივე ენერგეტიკა, სადაც არსებობდა გარკვეული სტერეოტიპები, თუმცა ეს სტერეოტიპები არსებითად დაიმსხვრა იმ დისკუსიის საფუძველზე, რომელიც საჯაროდ წარიმართა. ინვესტიციებთან დაკავშირებით გვქონდა დისკუსიები, განათლების რეფორმაზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს ყველა საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი ერთიანია.
„საზოგადოებას აინტერესებს ფასების შემცირება, პირდაპირ არის სუბიექტურად თითოეული მოქალაქე ამით დაინტერესებული. ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი. ეს არის ობიექტური ინტერესებიც და გნებავთ სუბიექტური ინტერესიც იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად არის კმაყოფილი საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის. ეს სუბიექტური ინტერესი არის, ბუნებრივია. ჩვენ არ შევუშინდით დისკუსიის გახსნას მიუხედავად იმისა, რომ საკითხი იყო ძალიან მგრძნობიარე და როდესაც საკითხი არის მგრძნობიარე სოციალური კუთხით, იქ სპეკულირებაც ადვილია. თავისი მინუსებიც აქვს ამ საჯარო დისკუსიას, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადებითი მხარე ბევრად მეტი აქვს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რაზეც აქამდე წარიმართებოდა მხოლოდ ზედაპირული საუბრები, იმაზე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს და ამ ყველაფერში უფრო ღრმად ჩაიხედავს. არის გარკვეული კითხვები, რაც საზოგადოებაში არსებობდა, მაგალითად სად უფრო ძვირია იგივე პროდუქტი, საქართველოში თუ ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ ამასაც გაეცეს ობიექტური პასუხი. არის თუ არა შესაძლებელი პროდუქტების გაიაფება - ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამისთვის საჭიროა, გაანალიზდეს ფასწარმოქმნის მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ელემენტს. ეს შეიძლება იყოს თვითონ პროდუქტის წარმოება, იმპორტი, დისტრიბუცია, მერე უშუალოდ რეალიზაცია საცალო ქსელებში. თითოეული ეს კომპონენტი არის გასაანალიზებელი იმისათვის, რომ ჩვენ ობიექტურად გავიგოთ, არის თუ არა ფასების შემცირების სივრცე და რესურსი, არის თუ არა სათანადო კონკურენცია. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შეიძლება გარკვეული მოცემულობა აჩენდეს კარტელური გარიგებების ეჭვს და შეიძლება არ იყოს კონკურენცია სათანადო. ამასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო და არის კითხვებზე პასუხის მიღება“, - განაცახადა პრემიერ-მინისტრმა.
BM.GE
წყარო: bm.ge