
ბიზნესმენ სულხან პაპაშვილის კომპანია კასპში 52-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს
კასპის მუნიციპალიტეტში 52.5 მეგავატი დადგმული სიმძლავრის „თელიანის“ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე 35 კვ-იანი მიწისქვეშა და საჰაერო საკაბელო ხაზის, 110 კვ-იანი ქვესადგურის, მისასვლელი გზებისა და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ინფორმაცია ამის შესახებ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სკოპინგის ანგარიშშია წარმოდგენილი.
პროექტის განმახორციელებელია შპს „თელიანი ქარი“, ხოლო სკოპინგის ანგარიში შპს „გამა კონსალტინგმა“ მოამზადა. საპროექტო ტერიტორია კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო რენეს მიმდებარედ მდებარეობს. კომპანია 2023 წლის აგვისტოში არის რეგისტრირებული და მის 100%-იან წილს ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი ფლობს. სულხან პაპაშვილის კომპანიას ასევე ეკუთვნის უკვე ექსპლოატაციაში შესული ნიაბის ქარის ელექტროსადგური, რომელიც 2026 წლის გაზაფხულზე შევიდა ექსპლოატაციაში. სადგურის დადგმული სიმძლავრეა 18.75 მეგავატი და ის სამი ტურბინისგან შედგება.
თელიანის ქარის ელექტროსადგურის პროექტის მიხედვით კი ელექტროსადგური 7 ერთეული Goldwind GW182-7.5 ტიპის ტურბინა-გენერატორისგან იქნება შემდგარი, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 7.5 მეგავატია. ტურბინების ანძების სიმაღლე 110 მეტრი იქნება, ხოლო როტორის დიამეტრი 182 მეტრს მიაღწევს. საერთო დადგმული სიმძლავრე 52.5 მეგავატს შეადგენს.
სკოპინგის ანგარიშის თანახმად, გამომუშავებული ელექტროენერგია ტურბინებიდან 35 კვ-იან ქსელში გადაიცემა, რის შემდეგაც ქვესადგურში ძაბვა 110 კვ-მდე გაიზრდება და ეროვნული ელექტროსისტემის ქსელს შეუერთდება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტის დაგეგმვის ეტაპზე განხილული იყო როგორც ტერიტორიის, ისე ტურბინების განლაგებისა და მოდელის რამდენიმე ალტერნატივა. საბოლოოდ შეირჩა შვიდი ტურბინის განლაგების სქემა, რადგან ის ნაკლებ სამშენებლო სამუშაოს მოითხოვს და უფრო მაღალი სიმძლავრის ტურბინების გამოყენებით 52.5 მეგავატის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა. ალტერნატიულ ვარიანტში რვა 6.25 მეგავატიანი ტურბინის განთავსება განიხილებოდა.
ანგარიშში ასევე განმარტებულია, რომ პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდა და ქვეყნის ენერგოსისტემაში დამატებითი გენერაციის შექმნა. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, ქარის ელექტროსადგურის გამომუშავების დაახლოებით 70-75% იმ თვეებზე მოდის, როდესაც საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი შედარებით მაღალია. ამასთან, პროექტის განხორციელების პერიოდში დაგეგმილია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ხოლო ექსპლუატაციის შემდეგ სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში დამატებითი საგადასახადო შემოსავლების მობილიზება.
ამასთან, სკოპინგის ანგარიში ყურადღებას ამახვილებს გარემოსდაცვით საკითხებზეც. საპროექტო ტერიტორიის ნაწილი მდებარეობს ზურმუხტის ქსელის ფარგლებში, რომელიც ასევე გადამფრენი ფრინველებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიას ზონას. სწორედ ამ გარემოების გამო პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების სრულ პროცედურას გაივლის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გზშ-ის ეტაპზე დამატებით შეფასდება პროექტის გავლენა ფრინველებზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ნიადაგზე, ლანდშაფტზე, ხმაურზე, საჰაერო ნავიგაციასა და სხვა გარემოსდაცვით კომპონენტებზე.
სკოპინგის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ტურბინების განთავსების ადგილები შერჩეულია ისე, რომ მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული კერძო საკუთრებაზე განთავსება და შემცირდეს ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედება. პროექტის ავტორების შეფასებით, შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გარემოზე ზემოქმედების მართვა, ხოლო დეტალური კვლევები გზშ-ის მომდევნო ეტაპზე ჩატარდება.
ქარის ენერგოპროექტების განვითარების ტემპები:
რაც შეეხება ქარის ენერგიის სხვა პროექტებს საქართველოში, აპრილში მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას 2031 წლამდე 1300 მეგავატის სიმძლავრის ქარის ენერგოსადგურები შეიძლება შეემატოს, რაც ინვესტორებთან გაფორმებული შეთანხმებების შედეგია. ამ პროექტებს შორის ყველაზე მალე 2026 წლის ზაფხულში გაიხსნება კომპანია "ფერის" მიერ აშენებული 206-მეგავატიანი რუისის ქარის ელექტროსადგური, რომელსაც EBRD 119 მილიონი დოლარის სესხით აფინანსებს. ამასთან, ელექტროსისტემას უკვე მიუერთდა შპს "ზემო ვინდის" 19-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური, რომელიც ბიზნესმენ სულხან პაპაშვილის კომპანიამ ააშენა.
ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკვე გასცა ზესტაფონთან, გოგნის 224-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის გზშ ნებართვა, ხოლო ამჟამად განიხილება არაერთი პროექტის, მათ შორის Voltares Energy-ის 50-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტი ზესტაფონში და კომპანია DAYU NEW ENERGY LIMITED-ის 130-მეგავატიანი ელექტროსადგურის პროექტი ფარავანის ტბასთან. ასეგე განხილვაშია კომპანია "აპოთეკოს" 54-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტიც, რომელიც იგოეთის მიმდებარედ უნდა აშენდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge