
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა
აშშ-ში, „Home of X“-ის მედია ღონისძიებაზე BMW-ს საკულტო მოდელის, X5-ის მეხუთე თაობის მსოფლიო პრემიერა შედგა. ეს ავტომობილი მომხმარებელს ძრავების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა BMW ჯგუფის წარმოების ისტორიაში. მოდელის წარმოება სპარტანბურგის ქარხანაში ხდება, რომელიც გლობალურ ქსელში პირველია, სადაც ერთ საწარმოო ხაზზე ხუთი სხვადასხვა ტექნოლოგიის ძრავის მქონე ავტომობილის აწყობაა შესაძლებელი.
დიზელის ძრავი და შიდა წვის ტრადიცია
ავტოინდუსტრიაში ელექტროფიკაციის ტენდენციის მიუხედავად, BMW-მ ახალ X5-ში მისი მომხმარებლისთვის ტრადიციულად ყველაზე პრაქტიკული და აქტუალური ძრავები შეინარჩუნა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია დიზელის ვერსია. მოდელი BMW X5 40d xDrive აღჭურვილია 3.0 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი დიზელის ძრავითა და 48-ვოლტიანი (48V) რბილი ჰიბრიდული ტექნოლოგიით. სისტემაში ინტეგრირებული 13-კილოვატიანი (18 ცხ.ძ.) ელექტროძრავა ავტომობილს ბევრად უფრო დინამიკურს ხდის.
გარდა დიზელისა, ტრადიციული შიდა წვის ძრავების მოყვარულთათვის ხელმისაწვდომია ბენზინის მძლავრი ვერსიაც - BMW X5 40 xDrive, რომელიც 400 ცხენის ძალას ავითარებს. მათთვის კი, ვინც უპირატესობას ალტერნატიულ ენერგიებს ანიჭებს, მოდელების ხაზში რჩება როგორც დატენვადი ჰიბრიდები, ისე სრულად ელექტრო მოდელი BMW iX5, რომლებსაც მოგვიანებით წყალბადზე მომუშავე ვერსიაც დაემატება.
ნულოვანი ემისიები და ინოვაციური ელექტროტექნოლოგია
ნულოვან ემისიებთან დაკავშირებით BMW ჯგუფის გეგმებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს სრულად ელექტრო მოდელი BMW iX5 60 xDrive-ც. მასში BMW-ს უახლესი ელექტრო ტექნოლოგიაა გამოყენებული, რაც ავტომობილს ძალიან მძლავრს ხდის (578 ცხ. ძ.) და რაც ყველაზე მთავარია, ერთი სრული დამუხტვით მას 845 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია.
BMW ჯგუფის ოფიციალური დილერის, „ჯი-თი მოტორსის“ დახმარებით საქართველოს ბაზარზე X5-ის მეხუთე თაობის მოდელები 2026 წლის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი.