
"ბოლო 3 წელიწადში 10-დან 20 ბავშვამდე საზღვარგარეთ გაშვილდა" - როგორია სტატისტიკა და მონიტორინგი?
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეისთვის გასაშვილებელთა ბაზაში მხოლოდ 140 ბავშვია, მაშინ როდესაც შვილის აყვანის სურვილი 1 571 პირს/ოჯახს აქვს. ამის შესახებ ირინე წაქაძემ ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების წარდგენისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ბავშვებიდან შშმ ან სსმ [სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების] სტატუსის მქონე 101 ბავშვია, 12 ბავშვი სტატუსის გარეშეა, მაგრამ მეტ-ნაკლებად საშუალო ან მსუბუქი ჯანმრთელობის პრობლემებით, რაც შეიძლება ერთი ოპერაციით ან მცირე ჩარევებით გამოსწორდეს.
„გვყავს სრულიად ჯანმრთელი 27 ბავშვი, მაგრამ აქედან ჩვენი მცდელობის მიუხედავად 20 ბავშვი გაშვილების წინააღმდეგია, ისინი არიან 10 წელს ზემოთ და მათ ვეკითხებით თავის აზრს. დაგვრჩა სრულიად ჯანმრთელი 7 ბავშვი, რომლებიც ამ წუთას „თავისუფალი“ არ არის, ყველა მათგანზე გაშვილების პროცედურა მიმდინარეობს. ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახთან თავსებადობა დადგენილია და მშვილებელი შერჩეული, მაგრამ პროცედურული ნაწილი, სოცმუშაკის ჩართულობა და ოჯახის შეფასება დაწყებულია“, - განაცხადა ირინე წაქაძემ.
კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები შშმ და სპეციალური სტატუსის მქონე ბავშვების გაშვილების მონაცემებითაც დაინტერესდნენ. ირინე წაქაძემ ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გაშვილებული ბავშვების რაოდენობები დაასახელა და აღნიშნა, რომ შშმ ბავშვები, უფრო მეტად უცხო ქვეყნებში მცხოვრებ პირებს აჰყავთ შვილად. ამის მიზეზი კი მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში არსებული ხელშემწყობი მექანიზმებია.
„2023 წელს სულ გაშვილებულია 58 ბავშვი, საერთაშორისო გაშვილების ჩათვლით. აქედან 54 ჯანმრთელი და 4 შშმ ან სსმ ბავშვი.
2024 წელს 38 ჯანმრთელი, 5 სსმ ბავშვი;
2025 წელს 31 ჯანმრთელი, 4 სსმ ან შშმ ბავშვი.
როცა საერთაშორისო გაშვილებაზეა საქმე, როგორც წესი საერთაშორისო მშვილებელი თანახმაა მათ შორის მძიმე ჯანმრთელობის მქონე ბავშვების შვილად აყვანაზე. მეც მქონდა კითხვის ნიშნები - რატომ? ხშირ შემთხვევაში ეს გარკვეულ ბენეფიტებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 3 წელიწადში საზღვარგარეთ 10-20 ბავშვი გაშვილდა.
ირინე წაქაძე ქვეყნის შიგნით და სართაშორისოდ გაშვილებული ბავშვების მონიტორინგის განსხვავებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ უცხოეთში გაშვილებული მძიმე ჯანმრთელობის მქონე ბავშვების მონიტორინგი აჩვენებს, რომ მათი მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში უმჯობესდება.
„ქვეყნის შიგნით გაშვილების შემთხვევაში გაშვილებული ბავშვი იმ ოჯახში რა მდგომარეობაშია ყოველწუთიერი მონიტორინგი არ ხდება. საერთაშორისო გაშვილების შემთხვევაში კი ბევრად უფრო დიდი რისკია, ამიტომ პირველი 3 წლის განმავლობაში დაკვირვება 6 თვეში ერთხელ ხდება და შემდეგ ეს დროის შუალედი უფრო იზრდება. ამ დაკვირვების შედეგად, ეს ბავშვები შეიძლება სრულად ვერ გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ მათი მენტალური, გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობა ბევრად უფრო გაუმჯობესებულია დიდი ძალისხმევის ჩადების შედეგად.
ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყველა ქვეყანა ფულად ბენეფიტებს გასცემს შშმ ან სსმ ბავშვების აყვანაზე, თუმცა არის ქვეყნები სადაც განსაკუთრებით საერთაშორისო შვილად აყვანაზეა საუბარი და შშმ პირებზე, ეს ქვეყანა ახალისებს ამ ოჯახებს რომ პრობლემების მქონე ბავშვები აიყვანონ.
შვილად აყვანის შემდეგ მშვილებელსა და გაშვილებულ ბავშვს შორის ყალიბდება ისეთი ურთიერთობა, როგორიც მშობელსა და შვილს შორის არის, განსხვავებით მინდობით აღზრდისგან, სადაც მინდობით აღმზრდელს გარკვეულ ფულად თანხას ვუხდით და ა.შ. ამიტომ გაშვილებული ბავშვის ოჯახს როგორც რიგით ოჯახთან ისეთ ურთიერთობაშია. შვილად აყვანის შემთხვევაში სახელმწიფო არაფერს უხდის ოჯახს. ქრება ცნება ნაშვილები, ისინი მშობელი და შვილი ხდება“, - განმარტა ირინე წაქაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge