
"ბოლო სამი თვის განმავლობაში კოლოსალურადაა გაზრდილი უკმაყოფილო დევნილების რაოდენობა" - ნანა გოგოხია
დევნილებისთვის სახელმწიფოს შეთავაზებული 10 000-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია იძულებით გადაადგილებულ პირებს გააზრებული და შინაარსიანი არჩევანის შესაძლებლობას არ აძლევს და მომავალში საცხოვრისის მიღების უფლებას არა მხოლოდ თავად დევნილს, არამედ მის შთამომავლობასაც ართმევს - მთავრობის ახალ პროგრამას "ანალიტიკას" ეთერში სამართალმცოდნე ნანა გოგოხია აფასებს.
იურისტის შეფასებით, ბოლო 34 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან დევნილთა საკითხი არ ყოფილა დანახული უშუალოდ დევნილთა თვალითა და რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ახალი ინიციატივა კი ძირეული პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, დამატებით რისკებს აჩენს.
ნანა გოგოხიას განმარტებით, ტერმინ "კომპენსაციის" გამოყენება მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივად გაუმართლებელია, რადგან კომპენსაცია ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და რესტიტუციას უკავშირდება, რისი კანონმდებლობაც ქვეყანას ჯერ კიდევ არ გააჩნია.
"არავითარ შემთხვევაში არ მინდა, რომ გამოვიყენოთ ეს ტერმინი "კომპენსაცია". კომპენსაცია, ძირითადად, ომის შედეგად მიყენებული ზიანისა და ზარალის ანაზღაურებას უკავშირდება, რაც დევნილების შემთხვევაში რესტიტუციის კანონთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, თუმცა ჩვენ ეს კანონი დღეს არ გაგვაჩნია. ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი პროგრამა ფულადი, ერთჯერადი ფულადი გასაცემლის სახით, მაგრამ წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკა გვანახებს, რომ არანაირი ერთჯერადი გასაცემლის ოდენობა, სამწუხაროდ, ძირეულად არ აგვარებს არც დევნილის და არც სხვა მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებს", - აცხადებს გოგოხია.
უფლებადამცველი ყურადღებას პროგრამის შინაარსობრივ წინააღმდეგობაზე ამახვილებს: თუკი ეს საცხოვრისის ალტერნატივაა, თანხა მიზერულია, ხოლო თუ სხვა მიზნებისთვისაა განკუთვნილი, გაუგებარია, რატომ უუქმდება ოჯახს ბინის მიღების გარანტია სამუდამოდ.
"როგორც შესაბამის სამართლებრივ დადგენილებაში, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა, რომ დევნილს შეუძლია ეს თანხა არა საცხოვრისის შესაძენად, არამედ სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს. მაშინ ისმის კითხვა: თუ ეს არის საცხოვრებლის ანუ განსახლების ალტერნატიული პროგრამა, რატომ არის ამდენად მიზერული თანხა? ხოლო თუ ის არ ემსახურება ამ კონკრეტულ მიზანს, მაშინ რატომ ართმევს დევნილს მომავალში განსახლების პროგრამაში მონაწილეობის უფლებას?
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ იმ დევნილს კი არ ართმევს განსახლების პროგრამაში მონაწილეობის უფლებას, არამედ მათ შთამომავლებსაც, ანუ მათ შვილებს", - განმარტავს იურისტი.
მისივე თქმით, რიგები იუსტიციის სახლებთან არა ინფორმირებული არჩევანის, არამედ წლების განმავლობაში დაგროვილი უიმედობისა და უნდობლობის შედეგია:
"დევნილებს მიაჩნიათ, რომ შეიძლება ვეღარც მოესწრონ განსახლების შემდგომ ეტაპს, რომელიც შეიძლება, მაგალითად, 2028 წლის შემდეგ ხელახლა დაიწყოს. ეს არ არის გააზრებული და შინაარსიანი არჩევანის უფლება, ეს არის უნდობლობით გამოწვეული პროცესი.
ვფიქრობ, რომ 10 000-ლარიანი ფულადი გასაცემელი, სამწუხაროდ, ძირეულად ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რომელიც დევნილებს შეიძლება ჰქონდეთ და ჩვენ კვლავ მივიღებთ მოწყვლად სოციალურ ჯგუფს", - ამბობს გოგოხია.
გარდა ამისა, იურისტი ხაზს უსვამს სისტემურ წნეხს, რომლის წინაშეც დევნილები განსახლების პროცესში დგებიან.
"პარალელურად იზრდება იმ დევნილი ოჯახების რიცხვი, რომლებიც სოციალურად დაუცველის სტატუსს კარგავენ; თანაც სწორედ იმ დროს, როდესაც მათი განსახლების საკითხი კომისიამ უნდა გადაწყვიტოს. ბოლო სამი თვის განმავლობაში კოლოსალურადაა გაზრდილი უკმაყოფილო დევნილების რაოდენობა. მათ მიაჩნიათ, რომ მათი მონაწილეობა განსახლების პროგრამაში უსამართლოდ შეიზღუდა და უსამართლოდ ვერ მიიღეს საცხოვრებელი. თუმცა, სამწუხაროდ, შემზღუდავი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დევნილებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი დარჩა ის სამართლებრივი მხარდაჭერაც, რითაც საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებდნენ", - აღნიშნავს ნანა გოგოხია.
პროგრამასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასალახად და დევნილთა უფლებების დასაცავად, ნანა გოგოხია სახელმწიფოს მხრიდან მიდგომების ძირეულ გადახედვაზე საუბრობს. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთჯერადი თანხის გაცემის ნაცვლად, სახელმწიფომ რეალურ კვლევასა და არსებული პროგრამების გაძლიერებაზე უნდა გააკეთოს აქცენტი.
"მინდა, რომ ჩატარდეს დევნილთა საყოველთაო სიღრმისეული საჭიროებების კვლევა, რომელიც სულ მცირე, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა, და მოხდეს არა ერთჯერადი ფულადი გასაცემლით დევნილებისთვის გარკვეული მხარდაჭერის გაწევა, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, არამედ არსებული განსახლების პროგრამების გაუმჯობესება, იგივე "სოფლად სახლის" პროგრამით, და ასევე ახალი პროგრამების შემუშავება.
ამ 10 000-ლარიანი შემოთავაზებით მე იმის რისკსაც ვხედავ, რომ, ერთია - გაჭირვებული დევნილები კვლავ იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში დარჩებიან და დაკარგავენ საცხოვრებლის მოთხოვნის უფლებასაც, თუმცა ამ პროცესმა შეიძლება გააუარესოს იმ დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ საშუალო ფენას წარმოადგენენ და გარკვეულ, მცირე რესურსებს ფლობდნენ; ყოველდღიურობას რომ უმკლავდებოდნენ, მაგრამ საცხოვრებლის შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ", - ამბობს ნანა გოგოხია.
საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის პარალელურ ალტერნატივად ახალი ფულადი პროგრამა შესთავაზა. ინიციატივის თანახმად, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც არ სურთ ბინის ან სახელმწიფოს მიერ სახლის შესყიდვის რიგში ლოდინი, შეუძლიათ უარი თქვან საცხოვრისზე და სანაცვლოდ მიიღონ ერთჯერადი ფულადი თანხა - 10 000 ლარი თითო უფლებამოსილ წევრზე.
პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათთვის, ვინც თანხის მიღებაზე უარს იტყვის, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და "სოფლად სახლის" პროგრამა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული ტემპით ყველა დარჩენილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფას კიდევ სულ მცირე 10 წელი დასჭირდება. სწორედ ამიტომ მთავრობამ ფულადი გასაცემლის პროგრამა აამოქმედა, რისთვისაც ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 58 მილიონი ლარი გამოიყო.
BM.GE
წყარო: bm.ge