
ბოლო წლებში სამედიცინო და ავტოდაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდა
ბოლო წლებში სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების რაოდენობა 811 684-მდე გაიზარდა.
ჯამში, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით. 2025 წელთან შედარებით, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის მქონე პოლისების რიცხვი 5%-ით არის გაზრდილი. 2024 წელთან შედარებით კი ზრდა 11%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ავტომობილების დაზღვევას, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8%-ია დაზღვეული. 2026 წლის 3 თვეში აქ პოლისების რაოდენობა 155 671-მდე (წლიური ზრდა 11%) გაიზარდა.
ჯამში, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაში მოზიდული პრემიის ოდენობა 303 მლნ ლარამდე არის გაზრდილი.
ეს შემოსავალი კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა:
• იმედი L: მოიზიდა 114.3 მლნ ლარი, რაც ბაზრის 38%-ს შეადგენს. • ჯიპიაი: მოიზიდა 42.1 მლნ ლარი, რაც ბაზრის 14%-ს შეადგენს. • არდი: მოიზიდა 30.9 მლნ ლარი, რაც ბაზრის 10%-ს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 521 მლნ ლარი შეადგინა. 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოზიდული პრემიის მოცულობა 15%-ით არის გაზრდილი.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 94 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31 მლნ ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 802 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 528 მლნ ლარს.
რაც შეეხება კომპანიებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პრემია იმედი L-მა; თიბისი დაზღვევამ და ჯიპიაიმ მიიღო.
კომპანიების მიხედვით პრემია ასე გადანაწილდა:
• იმედი L: - 124 მლნ ლარი (ზრდა 106%-ით); • თიბისი - 82 მლნ ლარი (ზრდა 5%-ით); • ჯიპიაი - 70 მლნ ლარი (კლება 24%-ით); • ალდაგი - 45 მლნ ლარი (კლება 2.2%-ით);
ტრადიციულად ყველაზე მეტი პრემია სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით არის მოზიდული, რომლის მოცულობაც 2026 წლის პირველ კვარტალში 303 მლნ ლარი შეადგინა. ეს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 22%-იანი ზრდაა. მეორე ადგილზეა ავტოდაზღვევა, რომელზეც ჯამში 9.5%-ით მეტი 93.5 მლნ ლარი იქნა მოზიდული. მესამე ადგილზეა სიცოცხლის დაზღვევა, რაც წლიურ ჭრილში თითქმის 26%-ით 40.7 მლნ ლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო ბაზარზე ანაზღაურებული ზარალების მოცულობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, დაზღვევის საქმიანობიდან სულ ანაზღაურებული ზარალი 2025 წლის 3 თვეში შეადგენდა 177 მლნ ლარს, ხოლო 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 200 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ყველაზე მეტი ზარალი 2026 წლის 3 თვეში აანაზღაურა ჯიპიაიმ (36 მლნ ლარი), რომელსაც მცირედით ჩამორჩება თიბისი (31 მლნ ლარი); მესამე ადგილზეა ალდაგი 25 მლნ ლარით.
BM.GE
წყარო: bm.ge