მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა
Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE31 ივლისი, 2026, 15:40|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კორპორაცია Apple-მა, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, მესამე ფისკალურ კვარტალში $109.42 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია და Wall Street-ის პროგნოზს ($108.65 მილიარდი) თითქმის $1 მილიარდით აღემატება.

აღსანიშნი ფაქტია, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $24.43 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $29.79 მილიარდი შეადგინა. ამასთან, თითო აქციაზე დივიდენდის სახით $2.02 გაიცა, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $1.89-ს აჭარბებს.

რაც შეეხება შემოსავლების სეგმენტურ გადანაწილებას, ზრდის მთავარი მამოძრავებელი iPhone-ის გაყიდვები გახდა. ამ მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავალმა 22%-ით იმატა და $54.25 მილიარდი შეადგინა. Mac-ის კომპიუტერების სეგმენტიდან კომპანიამ $10.35 მილიარდი მიიღო, რაც მოსალოდნელ $8.74 მილიარდს მკვეთრად აღემატება. სატარებელი მოწყობილობების, მათ შორის, Apple Watch-ების გაყიდვებმა $7.88 მილიარდი შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროდან შემოსავალმა $30.74 მილიარდს მიაღწია. iPad-ის გაყიდვებიდან მიღებული თანხა $6.19 მილიარდით განისაზღვრა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზზე ($6.92 მილიარდი) ნაკლები აღმოჩნდა.

ეს ანგარიში ტიმ კუკისთვის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე უკანასკნელია, რადგან სტივ ჯობსის შემდგომ ტექ-გიგანტის რიგით მე-2 ხელმძღვანელი სექტემბერში პოზიციას ახალ ლიდერს, ჯონ ტერნუსს ოფიციალურად გადააბარებს.

რაც შეეხება ბაზრის რეაქციას, საყურადღებო ფაქტია, რომ ყველა მხრივ დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, ვაჭრობის დასრულებისას Apple-ის აქციების ფასი 1.4%-ით შემცირდა. პრემარკეტზე კი საშუალოდ 2-3%-იანი კლება ფიქსირდება, რაც, მსგავს შემთხვევებში ინვესტორების მხრიდან წინარე პერიოდში მიღებული სარგებლის განაღდების სურვილით უნდა იყოს გამოწვეული. შეგახსენებთ, Apple-ის კაპიტალიზაცია მიმდინარე კვირას რეკორდულად გაიზარდა და რიგით მე-2 $5-ტრილიონიანი კომპანიაც გახდა.

ამჟამად Apple-ის ერთი აქცია $333.43-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $4.89 ტრილიონს შეადგენს. მიუხედავად ამ კლებისა, წლის დასაწყისიდან კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 23%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, Apple-მა ანალიტიკოსების პროგნოზებს შემოსავლებისა და მოგების ნაწილში ზედიზედ 13 კვარტალის განმავლობაში გადააჭარბა. ბოლოს კომპანიის მაჩვენებლები მოლოდინს 2022 წლის ბოლო კვარტალში ჩამორჩა, რაც აშშ დოლარის გამყარებამ და ჩინეთში წარმოების შეფერხებამ გამოიწვია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

BM.GE

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

BM.GE

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE