
ბოთლზე ე.წ. 10-თეთრიანი გადასახადი, მცირე მარნებისთვის, სავარაუდოდ, არ დაწესდება|ინტერვიუ
კომპანია “იაგოს ღვინის” დამფუძნებლის, მეღვინე იაგო ბიტარიშვილის ინფორმაციით, ე.წ. ნიშანდების ვალდებულება, რომლის საფასურიც, სავარაუდოდ, ბოთლზე 10 თეთრით განისაზღვრება, მცირე მარნებისთვის უფასო იქნება.
ამის შესახებ მეღვინემ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ინტერვიუს დროს განაცხადა, სადაც საუბრის თემა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი არაერთი ცვლილება, მათ შორის „ნიშანდების“ შემოღება იყო.
„ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის (QR კოდი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სერტიფიცირებისა და ალკოჰოლიანი სასმლის შესახებ) დატანა“ - ასეა განმარტებული ტერმინი „ნიშანდება“ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში. განმარტებით ბარათში კი აღნიშნულია, რომ ნიშანდება მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხისადმი მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად. ასევე, ინიციატივის ავტორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების სავარაუდო ღირებულება ერთ ბოთლზე 0.10 ლარი იქნება.
„შესაბამისად, თუ ავიღებთ ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციის წინა წლების მაჩვენებელს, რაც წლიურად საშუალოდ 140 000 000 – 150 000 000 ბოთლს შეადგენს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალი დაახლოებით 14 000 000 – 15 000 000 ლარით გაიზრდება“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
იაგო ბიტარიშვილის ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მენეჯმენტთან შეხვედრაზე მიიღეს დაპირება, რომ “ნიშანდების” ვალდებულება არ ექნებათ “მცირე მარნის” სტატუსის მქონე ღვინის მწარმოებლებს ანუ მათ, ვინც წლიურად 25 000 ლიტრამდე ღვინოს ამზადებს.
ცნობისთვის: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ახალი ცვლილებებით, მცირე მარნის სტატუსის ზღვარი 40 000-დან 25 000 ლიტრამდე მცირდება.
“ფურცლების შევსება ღვინის ხარისხს არ ზრდის” - ასეთია “იაგოს ღვინის” დამფუძნებლის მოსაზრება. მეღვინეს სჯერა, რომ მხოლოდ ნაკლებ ბიუროკრატიას და ჯანსაღ კონკურენციას შეუძლია ღვინის ხარისხის გაზრდა.
იაგო ბიტარიშვილის ინფორმაციითვე, დიდი ალბათობით, მცირე მარნებს სავალდებულო დეგუსტაციის ვალდებულებაც აღარ ექნება.
საქმე ის არის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვს, ყველა კატეგორიის ღვინო - როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი - საყოველთაო სავალდებულო ორგანოლეპტიკურ ანუ სადეგუსტაციო შემოწმებას დაექვემდებაროს.
ცნობისთვის: “ღვინისა და ვაზის შესახებ კანონში” ცვლილებები, ჯერჯერობით, მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული.
ინტერვიუ იაგო ბიტარიშვილთან
- სავალდებულო “ნიშანდების” შემოღებას ღვინის მწარმოებლების ნაწილმა “ფარული აქციზი” შეარქვა, ნაწილმა - “ღვინის გადასახადი”... თქვენი აზრით, “ნიშანდების” ვალდებულება ღვინის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს?
- [ადრეც მისაუბრია] თუ რა მდგომარეობაა მსოფლიო ღვინის ბაზარზე. ძალიან ბევრი დიდი და ცნობილი მარანი საკმაოდ მძიმე გამოწვევის წინაშე დგას - ასე ვთქვათ, საკითხავიცაა, გადაიტანენ თუ არა ამ კრიზისს, მით უმეტეს, თუკი ეს ყველაფერი კიდევ გაგრძელდება… და მაშინ, როდესაც საერთაშორისო ღვინის ბაზარზე ასეთი სიტუაციაა და დარგის გადარჩენაზეა საუბარი, ისმის რიტორიკული კითხვა: ასეთ შემთხვევაში რამდენად უპრიანია ბოთლზე კიდევ დამატებითი გადასახადის შემოღება?! პირიქით ხომ უნდა იყოს - დარგს რამენაირად უნდა შეუმსუბუქო პირობები, რომ მან ეს მსოფლიო კრიზისი გადაიტანოს. ჩვენს შემთხვევაში კი დამატებითი გადასახადი თუ თუნდაც ნებისმიერი დამატებითი რეგულაცია (რომელიც შეიძლება უფასოც იყოს), მიმაჩნია, რომ არასწორია. ჩვენ ამაზე ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან არაერთი შეხვედრის დროს ვისაუბრეთ. იმედს ვიტოვებ, საბოლოოდ გვაქვს ის შედეგი, რომ, ყოველ შემთხვევაში, ამ პატარა მარნებისთვის ეს საფასური არ იქნება შემოღებული და ნიშანდება უფასო გახდება.
- სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში ღვინის სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამაც ახსენა, რომ გარკვეული რაოდენობით ღვინის მწარმოებლებისთვის შეიძლება, “ნიშანდება” აღარ იყოს ფასიანი, თუმცა კანონპროექტში ჯერ ის წერია, რაც თავიდანვე ჩაიწერა…
- დიახ… ამიტომაც ვიკავებდი გარკვეულწილად თავს კომენტარისგან, რომ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან. სანამ ეს კომუნიკაცია არ დასრულდა, მანამ კონკრეტული შედეგი არ გვქონდა. აი, ეს შედეგი კი გვაქვს…
- სიტყვიერი დაპირება.
- დიახ, სიტყვიერი დაპირებაა… მაგალითად, ეს ნიშანდების გადასახადი (აქციზი კი არა, ნიშანდება, თუმცა არსით იგივეა) პატარა მარნებისთვის შეიძლება იყოს უფასო. თავად ნიშანდება, რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს და ჩვენ ამას არ ვეწინააღმდეგებით. უბრალოდ, თითო ბოთლზე დამატებითი გადასახადის შემოღება ჩვენთვის ნამდვილად მიუღებელი იყო, თუნდაც კრიზისი არ ყოფილიყო. ეს გადასახადი ჩვენთვის მართლაც ახალი ტვირთია; რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ?! ნიშანდებას დაარქმევ, აქციზს თუ სხვას, თუ ბოთლზე გადასახადია, გადასახადია. მეც კი, ყველაზე პატარა მარანს, წელიწადში დამატებით, დაახლოებით, 1000 ლარი უნდა გადამეხადა მხოლოდ იმაში, რომ ჩემს ეტიკეტზე ბარკოდი დამეტანა და ეს ხდება ისეთ სიტუაციაში, როგორიც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, საერთაშორისო ბაზარზეა შექმნილი. რას მისცემს ეს ან სახელმწიფოს ან ღვინის ხარისხს?!
- კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ნიშანდება მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხისადმი მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად.
- ერთ მაგალითს მოგიყვან - შეიძლება, აქ არ არის ამის ადგილი, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის… უკვე, დაახლოებით, 30 წელია ამ საქმეში ვარ და ყველანაირ რეგულაციას მოვესწარი - თავიდან როგორი იყო, მერე როგორ განვითარდა მოვლენები. ერთ დროს საკმაოდ ლიბერალური საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა ამ მიმართულებით, რამაც წინსვლა გამოიწვია. ჩვენი მთავარი არგუმენტი, როდესაც რეგულაციებისა და ბიუროკრატიის წინააღმდეგ ვართ, არის ის, რომ ბოლო პერიოდში სწორედ ზედმეტი რეგულაციებისა და ბიუროკრატიის არარსებობამ მოიტანა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს. და რა შედეგი გვაქვს?! - გვაქვს უფრო მაღალი ხარისხი. ამას ყველა აღიარებს. აბა, რანაირად გაიზარდა ეს ხარისხი, თუკი მას მხოლოდ რეგულაცია და ბიუროკრატია ზრდის?! აქამდე ხომ არ იყო ეს რეგულაცია, მაგრამ ხარისხი მაინც გაიზარდა. გვაქვს მრავალფეროვნება, ძალიან ბევრი მარანი გაჩნდა, ჯანსაღი კონკურენციაა, გაცილებით მეტია ექსპორტი და ამ ექსპორტის გეოგრაფიაც გაფართოებულია, თანაც უფრო მაღალ საფასო სეგმენტში ვართ. ანუ, მეტი რა შედეგი გვინდა, რომ მოეტანა?! ხომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს პროცესი გაჩერებულია?! ეს განვითარება გაგრძელდება თუ საშუალებას მივცემთ, რომ ბაზარი ისეთივე ჯანსაღი და თავისუფალი დარჩეს, როგორიც დღემდე იყო. ვფიქრობ, ეს ყველაზე სწორი მიმართულებაა, იმიტომ რომ სწორედ თავისუფლება ქმნის მეტ კონკურენციას და დამატებით ხარისხს, და არა რომელიმე ფურცლის შევსება.. ფურცლების შევსება ღვინის ხარისხს არ ზრდის.
BM.GE
წყარო: bm.ge