
ბრალდებულმა დაზარალებულს კომპანიის წილის გადაფორმებას დაჰპირდა და ₾400 000 მიისაკუთრა | პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულს ერთ-ერთი საწარმოს წილის გადაფორმებას დაჰპირდა და საერთო ბიზნესის წარმოება შესთავაზა.
დაზარალებული დაარწმუნა, რომ სასმელი წყლის საზღვარგარეთ ექსპორტს და რეალიზაციას განახორციელებდნენ, მიღებულ შემოსავალს კი თანაბრად გაინაწილებდნენ. ამ ხერხით, ბრალდებულმა დაზარალებულს 400 000 ლარი გამოართვა, რაც სრულად მიისაკუთრა და თანხის დაუფლებისთანავე საქართველოს ტერიტორია დატოვა.
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
BM.GE
წყარო: bm.ge