
ბრალი წარუდგინეს პირს, რომელიც მოქალაქეებს ატყუებდა, რომ იაპონიიდან მანქანებს ჩამოუყვანდა
საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც მოქალაქეებს ატყუებდა, რომ იაპონიიდან მანქანებს ჩამოუყვანდა.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს იაპონიიდან საქართველოში სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომანქანების ჩამოყვანას ჰპირდებოდა და რამდენიმე დაზარალებულს ავტომანქანების სრული ღირებულება წინასწარ გადაახდევინა. აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდებულმა საქართველოში ავტომანქანები არ ჩამოიყვანა და თაღლითურად დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას. დაზარალებულებმა ბრალდებულს ხელზე გადასცეს და ასევე, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე გადაურიცხეს ჯამში 166 132 ლარი, რაც სრულად მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 17 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ბრალდებულის მიერ მსგავსი ხასიათი სხვა ქმედების ჩადენის გამოვლენისა და სათანადო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
BM.GE
წყარო: bm.ge