
ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას, შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს
აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე, ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება, თუმცა დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დაგროვილი გემების რიგებისა და უსაფრთხოების საკითხების გამო, ნაოსნობის სრულფასოვნად აღდგენა შეფერხდება და ის ისე მყისიერად ვერ მოხდება, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი ამბობს.
არსებული ინფორმაციით, აშშ-ის და ირანის პრეზიდენტებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ოთხშაბათს ღამით მოაწერეს, რაც თეირანის მხრიდან სრუტის მინიმუმ 60 დღით, ყოველგვარი გადასახადის გარეშე გახსნას ითვალისწინებს. ომის დასრულების შესახებ გავრცელებულ ცნობებს ნავთობის ბაზარზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა, რის შედეგადაც ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე $75-ზე დაბლა დაეცა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზარზე სტაბილური ფასების შესანარჩუნებლად ფიზიკური მიწოდების აღდგენას კვირები, ზოგ შემთხვევაში კი თვეები დასჭირდება, რადგან თითქმის ოთხთვიანმა საომარმა მოქმედებებმა საზღვაო ტრაფიკის მასშტაბური შეფერხება გამოიწვია.
რაც შეეხება შეფერხების მასშტაბებს, ანალიტიკურ კომპანია Kpler-ში მიიჩნევენ, რომ სპარსეთის ყურეში ამჟამად 118 ტანკერია ბლოკირებული. კომპანიის სპეციალისტების განმარტებით, ამ რიგების გაწმენდას 10-დან 15 დღემდე დასჭირდება, თუმცა ეს ნაოსნობის სრულ აღდგენას არ ნიშნავს. ტრაფიკის აღდგენის პროცესში პრიორიტეტი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდ ხომალდებს მიენიჭებათ, რაც კონტეინერებისა და სხვა სახის ტვირთების დაგვიანებას გამოიწვევს.
ამასთან, ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დამატებით ლოგისტიკურ პროცედურებთან არის დაკავშირებული. სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჯერ უსაფრთხო საზღვაო დერეფნების სერტიფიცირება უნდა მოახდინონ, რაც რამდენიმე დღეს წაიღებს, ხოლო სადაზღვევო კომპანიებმა საომარი რისკების დაზღვევა უნდა აღადგინონ, რის გარეშეც გემები გადაადგილებას ვერ დაიწყებენ. ამასთანავე, აშშ-ისა და ირანის მხარეებს შორის კოორდინაციას მოითხოვს საზღვაო ნაღმებისგან ტერიტორიის გაწმენდის საკითხიც, რაც პროცესს კიდევ უფრო შეანელებს. ანალიტიკოსთა ნაწილი აღნიშნავს, რომ წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ თავდასხმების შეწყვეტის სიგნალების მიუხედავად, ოპერატორები რეგიონში დაბრუნებას მაინც სიფრთხილით ეკიდებიან, რაც ჰორმუზის სრუტის შემთხვევაშიც განმეორდება.
BM.GE
წყარო: bm.ge