
"ბრძოლა ბოლომდე გრძელდება" - "სინდისის პატიმრების" პირველი კომენტარები
"თავისუფლება ყველას", "ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვუსურვებ", "ბრძოლა ბოლომდე გრძელდება" - ასეთი იყო "სინდისის პატიმრების" გიორგი მინდაძის, ანრი კვარაცხელიას და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პირველი კომენტარები მედიასთან საპატიმროს დატოვების შემდეგ.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პროდასავლური აქციებისას დაკავებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა დღეს საპატიმრო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებული შეწყალების შედეგად დატოვეს.
„სახლში მინდა ძალიან... თავისუფლება ყველას!“, - განაცხადა გიორგი მინდაძემ.
„ბიჭებს მოვიკითხავ, ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვუსურვებ. მაგარი ბიჭები არიან და თავიანთი საქმის თვითონ იციან!“ - განაცხადა კვარაცხელიამ.
„მაისურზე მაწერია "დროშები, დროშები, დროშები ჩქარა". სალაპარაკო ბევრი მაქვს, მაგრამ ერთს ვიტყვი - ბრძოლა ბოლომდე გრძელდება. პირველი ემოციები - არა მარტო სინდისის პატიმრებისთვის, არამედ ყველა პატიმრისთვის გამოსვლა არის ძალიან დიდი ემოცია და მეტ დეტალზე ცოტა ხანში ვისაუბრებ“ - განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და იქვე დასძინა, რომ შეწყალების თხოვნით მას არ მიუმართავს: "თანამებრძოლებს ვეტყვი, რომ ახლა ყველანი გარეთ უნდა ვიყოთ, ციხეში არავინ ვართ საჭირო. ვეტყოდი, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ, რადგან ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ახალგაზრდები ვჭირდებით. ჩემი აზრით, გამოსვლის გზა შეწყალების დაწერაა".
ცნობისთვის: გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, მას 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ანრი კვარაცხელიას თავისუფლების 4.6 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის 2 -წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
BM.GE
წყარო: bm.ge