
Brent-ის ფასმა $110-ს მიაღწია - რა აძვირებს ნავთობს?
პარასკევს ნედლი ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა, რადგან ირანმა ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გაააქტიურა, ჰუსიტებმა საუდის არაბეთის მიმართულებით რაკეტები ისროლეს, უკრაინამ კი პირობა დადო, რომ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააგრძელებს.
Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსებმა მაისის შემდეგ პირველად მიაღწია 110 დოლარს ბარელზე, შემდეგ კი მცირედით დაიწია და სავაჭრო სესია 3.7%-იანი მატებით, 109.86 დოლარზე დაასრულა.
ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 3.5%-ით გაიზარდა და ბარელზე 101.41 დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში, მიმდინარე კვირაში WTI-ის ფასი 10%-ზე მეტით, ხოლო Brent-ის თითქმის 5%-ით გაიზარდა.
სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, საუდის არაბეთმა პარასკევს წითელ ზღვაში რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო, მათ შორის ერთი, რომელიც იანბუს ნავთობის საექსპორტო ტერმინალისკენ მიემართებოდა. სამხედროების ცნობით, სამეფოს ერ-რიადისა და სამხრეთ რეგიონებში ასევე სამი დრონი გაანადგურეს.
იემენელმა ჰუსიტებმა ამ კვირაში საუდის არაბეთის მიმართულებით ცეცხლი არაერთხელ გახსნეს. სამეფოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ნავთობგიგანტი "Aramco" თავდასხმის სამიზნე სამშაბათს გახდა, როდესაც დარტყმა ქალაქ დაჰრანში მდებარე მის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობას მიადგა. 10 ოქტომბერს კი ჰუსიტები ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.
ჰორმუზის სრუტეში, სადაც ირანი ნავთობის ექსპორტის შეფერხებას ცდილობს, კვირიდან მოყოლებული სულ მცირე ცხრა ტანკერი და სატვირთო გემი მოექცა თავდასხმის ქვეშ. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ოთხშაბათს ირანმა კონტეინერმზიდი "GFS Pride" ჩაძირა. სინგაპურის საზღვაო უწყების ცნობით, სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის ევაკუაცია უსაფრთხოდ განხორციელდა.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მონაცემებით, ამ კვირაში მომხდარი თავდასხმების შედეგად სამი მეზღვაური დაშავდა, ორი კი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.
ჰორმუზის სრუტის გავლით ნედლი ნავთობის ექსპორტმა იკლო მას შემდეგ, რაც სექტემბერში ომამდელ ნიშნულს მიუახლოვდა. ენერგეტიკული კვლევითი კომპანია "Kpler"-ის მონაცემებით, ოთხშაბათს დასრულებულ კვირაში გადაზიდვების მოცულობა დღეში 9.4 მილიონ ბარელს შეადგენდა, რაც ირანის ომამდე არსებული საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 70%-ია.
ამავდროულად, "ენერგეტიკული ზავი", რომლის შუამავლობასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინასა და რუსეთს შორის ცდილობდა, სწრაფად ჩაიშალა. კრემლი, შეთანხმების მიუხედავად, უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს განაგრძობს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი საპასუხოდ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს.
რუსულ ქარხნებზე უკრაინის დარტყმებისა და ახლო აღმოსავლეთში ენერგოინფრასტრუქტურაზე ირანის თავდასხმების გამო, წელს დიზელის ფასები მკვეთრად გაიზარდა. პარასკევს აშშ-ში საწვავის საშუალო ფასმა გალონზე 6.33 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ზე მეტით მაღალია.
ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) ცნობით, აშშ-ში ნავთობის ფასების ზრდას ხელი შეუწყო კომერციული მარაგების მკვეთრმა კლებამაც, რაც მექსიკის ყურის სანაპიროზე ქარიშხალ "ისაიასის" გამო წარმოების შეჩერებამ გამოიწვია.
BM.GE
წყარო: bm.ge