
"ბრიტანეთისა და აშშ-ის ალიანსი მომავლის მთავარი გარანტიაა“ - მეფე ჩარლზ III-მ აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართა
გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ აშშ-ის კონგრესის გაერთიანებულ სესიას სიტყვით მიმართა. მონარქმა საუბარი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე მომხდარი სროლის გამო ამერიკელი ხალხისთვის მხარდაჭერის გამოცხადებით დაიწყო. მისი თქმით, მსგავსი ძალადობრივი აქტები დასახულ მიზანს ვერასდროს მიაღწევს.
შემდგომ, დიდი ბრიტანეთის მეფემ გამოსვლა გლობალურ საკითხებზე საუბრის განაგრძო. მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიო ბევრად უფრო არაპროგნოზირებადი და სახიფათოა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ბრიტანეთის ალიანსი შეუცვლელია და რომ მათი პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება.
ჩარლზ III-ის განცხადებით, გლობალურ გამოწვევებთან მარტო გამკლავება არცერთ ქვეყანას შეუძლია. მონარქმა ბრიტანეთისა და ამერიკის ხელისუფლებებს ურჩია, რომ საერთო ღირებულებების დასაცავად ძალისხმევა გააერთიანონ. მისი თქმით, ეს ალიანსი მხოლოდ წარსულ მიღწევებს არ უნდა დაეყრდნოს. "პარტნიორობის სიმტკიცე მომავლის მშენებლობის მთავარი გარანტია." - თქვა ჩარლზ III-მ.
ბრიტანეთის მონარქმა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავზეც ისაუბრა. მან იუმორით აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ ჯორჯ III-ის შთამომავალია, აშშ-ში რევანშისტული განზრახვით არ ჩასულა. სიცხადისთვის, 1776 წელს წელს სწორედ ჯორჯ III-ის მმართველობის პერიოდში გამოაცხადა შტატებმა დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა. ჩარლზ III-მ ამერიკის დამფუძნებელ მამებს "გაბედული ამბოხებულებიც" კი უწოდა. მისი თქმით, მათ 13 კოლონია საერთო იდეის გარშემო გააერთიანეს და დიდებული ქვეყანა შექმნეს. მონარქმა ხაზი გაუსვა, რომ თავისუფლებისა და ბედნიერების ძიება მათი რევოლუციური იდეა იყო და რომ ეს ის პრინციპებია, რომლებზეც ორი ქვეყანა დღემდე დგას.
ცნობისთვის, ჩარლზ III გახდა მეორე ბრიტანელი მონარქი, რომელმაც აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართა. მანამდე ეს პატივი 1991 წელს მის დედას, ელისაბედ II-ს ხვდა წილად. მაშინდელ გამოსვლაში დედოფალმა დემოკრატიის სულსა და საერთო პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება. ამჟამინდელმა მონარქმა კი აღნიშნა, რომ დღეს ეს ფუნდამენტური იდეალები განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს.