
China Eastern-მა საქართველოსთან ავიარეისების სიხშირეები გაზრდის მზაობა გამოთქვა | სამინისტრო
ავიაკომპანია China Eastern Airlines საქართველოს მიმართულებით ავიარეისების სიხშირეები გაზრდის მზაობას გამოთქვამს - ამის შესახებ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნის ფარგლებში კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვან ცინგჩაომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო აქვეყნებს.
"ავიაკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, გაზარდოს საქართველოს მიმართულებით არსებული რეისების სიხშირე და განიხილოს დამატებითი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობა", - ნათქვამია პრესრელიზში.
ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული პრესრელიზების მიხედვით, China Eastern Airlines - ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ავიაკომპანიის მიერ შანხაი - თბილისის რეგულარული რეისების დაწყება. აღინიშნა, რომ ეს მიმართულება ძალიან წარმატებულია, გამოირჩევა მაღალი დატვირთულობით და მზარდი მოთხოვნით.
"აღინიშნა, რომ ჩინეთთან ფრენების მიმართულებებისა და სიხშირეების ზრდა დადებითად აისახა მგზავრთნაკადზე. კერძოდ, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების შედეგად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ზრდამ დამატებით 36% შეადგინა.
აღინიშნა, რომ შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია და მასთან პირდაპირი საჰაერო კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ტურიზმის განვითარების, ისე ინვესტიციების მოზიდვის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გააძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ჩინეთთან და მაქსიმალურად გამოიყენებს იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომლებსაც პირდაპირი ავიამიმოსვლა ქმნის.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ავიაკომპანიის მგზავრებისთვის დამატებით ტურისტული მიმართულებების, ასევე საქართველოს რკინიგზის და სახმელეთო ტრანსპორტის სერვისების შეთავაზების საკითხი", - ნათქვამია პრესრელიზში.
შეხვედრაში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მონაწილეობდა.
BM.GE
წყარო: bm.ge