
ჩინეთიდან შემოსული ტურისტები უფრო მეტ ღირებულებას ტოვებენ, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოსული - გენადი არველაძე
"უფრო ხანგრძლივი ტურისტი გვყავს ჩინეთიდან. შესაბამისად, ქვეყანაში უფრო მეტ ღირებულებას ტოვებს, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტი", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, "რუსთავი 2"-ის ეთერში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
"ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2023 წელს დაიწყო და წელს, 2026 წელს, ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადავიდა, არის ზუსტად ის შედეგი, თუ როგორ შეიძლება ორმა სახელმწიფომ აღნიშნული სტრატეგიული ურთიერთობები ააშენოს თანმიმდევრულად, ურთიერთპატივისცემით და კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებზე გათვლით.
ამის ცოცხალი მაგალითია პირდაპირი ფრენები, რომელიც გვაქვს სხვადასხვა ქალაქიდან და ველოდებით ახალი ქალაქებიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის მიმართულებით ჩინეთიდან. ასევე, აღსანიშნავია უვიზო მიმოსვლა, რომელიც იყო კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული, რომელმაც ტურიზმის ციფრები გაახუთმაგა და მოლოდინი გვაქვს, რომ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი შემოვა.
რეალურად, ტურისტების მიმართულებითაც თუ შევადარებთ სხვა ქვეყნიდან შემოსულ ტურისტებს, უფრო ხანგრძლივი ტურისტი გვყავს ჩინეთიდან. შესაბამისად, ქვეყანაში უფრო მეტ ღირებულებას ტოვებს, ვიდრე, თუ შევადარებთ, სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტი.
ასევე, ხაზგასასმელია ვაჭრობა, რომელიც იზრდება ინვესტიციებით და ნომერ პირველი ინვესტორი ქვეყანა გახდა, როგორც იცით, ორი კვარტლის მონაცემებით... ეს არის ზუსტად ის ეკონომიკური შედეგები, რომელმაც მიგვიყვანა სტრატეგიულ პარტნიორობამდე.
მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა პარტნიორთან გვექნება ზუსტად ის შედეგები, რომელიც გვინდა. დიდი იმედს ვიტოვებ, როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ყველა იმ პარტნიორთან, რომელთანაც ჩვენ რეალურად მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია ურთიერთობები", - აცხადებს გენადი არველაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge