მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთის AI-ბუშტი გასკდა! - რას ნიშნავს ეს და იქნება თუ არა აშშ შემდეგი?
ჩინეთის AI-ბუშტი გასკდა! - რას ნიშნავს ეს და იქნება თუ არა აშშ შემდეგი?

ჩინეთის AI-ბუშტი გასკდა! - რას ნიშნავს ეს და იქნება თუ არა აშშ შემდეგი?

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 04:36|bm.ge

ჩინეთში AI ბუშტი გასკდა - ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ბაზარი დროის უმოკლეს მონაკვეთში სრულ კოლაფსში მოექცია. ტექნოლოგიური ინდექსი 40%-ით დაეცა და ნახევარ ტრილიონ დოლარამდე კაპიტალი გაქრა.

მოკლედ, რა მოხდა პეკინში და რატომ და, რაც მთავარია, ახლოვდება თუ არა ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ ამერიკის ჯერიც - ამ სტატიაში სწორედ ამ კითხვებზე მიიღებთ პასუხებს.

რა მოხდა შანხაის ბირჟაზე?

დავიწყოთ მთავარი რიცხვებით. როგორც გავლენიანი გამოცემა Reuters-ი წერს, 2026 წლის ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, შანხაის ბირჟის მთავარი ტექნოლოგიური ინდექსი - STAR50, რომელიც ჩინეთის ჩიპებისა და ალგორითმების ლიდერებს აერთიანებს, 40%-ით ჩამოიშალა. შედეგად, 480 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია გაქრა, რამაც მთლიანი ჩინური საფონდო ბაზარი, CSI 300-ის ინდექსის სახით, 20%-ით, 14-თვიან მინიმუმზე დასწია.

საყურადღებოა, რომ ე.წ. ბუმის პიკზე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ აქციებზე ჩინეთის მთლიანი ბაზრის 42% და ყოველდღიური ვაჭრობის ნახევარზე მეტი - 57% მოდიოდა. როგორც Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბოლო თვეებში მთელი ქვეყნის საფონდო ბირჟა ერთ დიდ სპეკულაციურ ფსონად იქცა, სადაც კომპანიების ფასისა და მოგების თანაფარდობა, ე.წ. P/E კოეფიციენტი 250-იან ნიშნულს აღწევდა - მაშინ, როცა ამერიკული Nasdaq 100-ის იგივე მაჩვენებელი სულ რაღაც 30-ია.

რომელ კომპანიებს შეეხო ყველაზე მეტად AI ბუშტის გახეთქვა?

საინტერესო ფაქტია, რომ ჩინეთში ბოლო თვეებში დაფიქსირებული ბუშტის გახეთქვამ ყველაზე მეტად და მძიმედ ჩინეთის ე.წ. ეროვნულ ჩემპიონებს დაარტყა.

ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელმა Unitree Robotics-მა, რომლის აგვისტოს IPO-ზეც მოთხოვნამ მიწოდებას 8,000-ჯერ გადააჭარბა, სულ რაღაც 10 კვირაში ღირებულების ნახევარი - 50% დაკარგა, რადგან ეფექტური ვიდეო-დემონსტრაციები რეალურ კომერციულ გაყიდვებში ვერ გადაკონვერტირდა.

ასევე განახევრდა Nvidia-ს ჩინური ალტერნატივების - MetaX-ისა და Moore Threads-ის აქციები, რომლებიც მანამდე 700% და 400%-ით იყვნენ გაზრდილები. ჩინურ ბირჟაზე დასავლური სანქციების შიშის ფონზე ოპტიკური კომპონენტების მწარმოებლების - Zhongji Innolight-ისა და Eoptolink-ის აქციებიც შემცირდა. საშუალოდ 60%-ით.

რამ გამოიწვია AI ბუშტის გახეთქვა?

როგორც Reuters-ი წერს, გლობალურმა ანალიტიკოსებმა 3 კონკრეტულ მიზეზს მიაგნეს. პირველი ბირჟაზე პეკინის გამკაცრებულ პოლიტიკას ეხებოდა, მეორე - ამერიკული სანქციების შიშს, მესამე კი ფასების შიდა ომს უკავშირდებოდა

როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში ჩინეთში ე.წ. „ასი მოდელის ომი“ გაჩაღდა. DeepSeek-მა, Alibaba-მ, ByteDance-მა და სხვებმა კლიენტების მოსაზიდად ტოკენების დამუშავების ფასი დასავლურ ანალოგებთან, მათ შორის GPT-5.5-თან შედარებით, ოცდაათჯერ შეამცირეს. მათ ხელოვნური ინტელექტი მაღალმარჟიანი ბიზნესიდან იაფფასიან კომუნალურ სერვისად აქციეს და მოგების მარჟა თითქმის ნულამდე დაიყვანეს.

ამას მოჰყვა 9 ოქტომბერს გამოქვეყნებული დირექტივა პეკინიდან. სახელმწიფო მარეგულირებლის ხელმძღვანელმა, ვუ ცინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში სპეკულაციური ვაჭრობა შეიზღუდა. სახელმწიფო ფონდებმა ამ სიახლის გაგებიდან მალევე აქციების მასობრივი გაყიდვა დაიწყეს. ბირჟიდან პოზიციები მოხსნეს უძრავი ქონების კრიზისით შეშინებულმა მოქალაქეებმაც, რომელთა დანაზოგების საფონდო ბირჟაზე მიმართვასაც ჩინეთი წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობდა. როგორც ირკვევა, ამ რიგითმა ინვესტორებმა ფული სახელმწიფო ბანკების დეპოზიტებზე დააბრუნეს. შესაბამისად, გაქრა ფული ბირჟიდან და გაიყინა ასობით სტარტაპის IPO-ც.

რა რეაქცია ჰქონდა მომხდარზე ამერიკულ საფონდო ბირჟას?

საინტერესო ფაქტია, რომ ჩინეთში მოვლენების დაძაბვის პარალელურად დაეცა ამერიკული Nasdaq 100-იც. მართალია, მხოლოდ 6%-ით, თუმცა ინვესტორებისთვის პოზიციების დატოვებისთვის მიღებული სიგნალი საკმარისი აღმოჩნდა.

იქნება თუ არა შემდეგ აშშ?

მართალია, ამერიკულ გიგანტებს - Microsoft-ს, Alphabet-ს, Amazon-სა თუ Meta-ს ჩინური კომპანიებისგან განსხვავებით, ზურგს ქლაუდ-სერვისებისა და გლობალური რეკლამის მონოპოლიური ფულის მანქანები უმაგრებთ, თუმცა, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ყურადღებას ფინანსურ ანგარიშგებებში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებენ. 2026 წელს ამ ოთხეულის კაპიტალური დანახარჯები 720-დან 745 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მხოლოდ მეორე კვარტალში ამ ინვესტიციებმა Google-ის მფლობელი Alphabet-ის საოპერაციო ფულადი ნაკადების 115%, ხოლო Amazon-ის 119% მოიცვა. სხვათა შორის, იგივე Amazon-ის თავისუფალი ფულადი ნაკადი წელს მინუს 28 მილიარდ დოლარამდე დავიდა. Meta-მ კი ფულის დასაზოგად აქციების გამოსყიდვა საერთოდ შეაჩერა.

როგორც Goldman Sachs-ის ექსპერტები აღნიშნავენ, მხოლოდ ამ ხარჯების გასამართლებლად ტექ-გიგანტებს 2030 წლისთვის წლიურად $1,420 ტრილიონის სუფთა შემოსავლის დაგენერირეგბა მოუწევთ. რაც ამჟამინდელი გადმოსახედიდან არარეალისტურად გამოიყურება.

AI ბუშტის გახეთქვას არ გამორიცხავენ საინვესტიციო ინდუსტრიის ცნობილი სახეები, რეი დალიო და მაიკლ ბერიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ამერიკული ბაზარი ამჟამად ე.წ. უარყოფის ფაზაშია, რაც ნიშნავს, რომ ტექ-გიგანტები AI ინფრასტრუქტურის კოლოსალურ ხარჯებს ძველი ბიზნესების მოგებით დროებით ნიღბავენ, თუმცა როცა 6-დან 9 თვემდე პერიოდი გავა და კომპანიებს ინვესტორებისთვის მოუწევთ პასუხის გაცემა, თუ რა რეალური სარგებელი მოიტანა კოლოსალურმა კაპიტალურმა დანახარჯებმა, შესაძლოა, სწორედ მაშინ გასკდეს ამერიკული AI ბუტიც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა რეკორდულ $40.5 ტრილიონს გადააჭარბა

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა რეკორდულ $40.5 ტრილიონს გადააჭარბა

BM.GE

გუდაურში განთავსებისა და კვების ობიექტების ფასები მაქსიმუმ 3-5%-ით გაიზრდება | GMRBA ზამთრის სეზონზე

გუდაურში განთავსებისა და კვების ობიექტების ფასები მაქსიმუმ 3-5%-ით გაიზრდება | GMRBA ზამთრის სეზონზე

BM.GE

როგორია უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობა?

როგორია უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობა?

BM.GE

ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის სექტორმა $480 მილიარდი დაკარგა

ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის სექტორმა $480 მილიარდი დაკარგა

BM.GE