
ჩინეთმა ჩიპების საწარმოო მოწყობილობის წარმოება დაიწყო, რამაც ჰოლანდიური ASML-ის აქციები 5.8%-ით შეამცირა
ჩინეთში ნახევარგამტარების დასამზადებელი მოწყობილობის ადგილობრივი წარმოება დაიწყო, რამაც გლობალურ ბაზარზე ჰოლანდიური ტექნოლოგიური გიგანტის, ASML-ის აქციების 5.8%-ით შემცირება გამოიწვია. როგორც ირკვევა, შანხაიში დაფუძნებულმა სახელმწიფო კომპანიამ ღრმა ულტრაიისფერი ლითოგრაფიის დანადგარების გამოშვება დაიწყო და პირველი აპარატების მიწოდებას ისეთი მსხვილი ჩინური მწარმოებლებისთვის გეგმავს, როგორებიც SMIC-ი და CXMT-ია.
რაც შეეხება წარმოების მასშტაბებს, ჩინური კომპანია მიმდინარე წელს მხოლოდ 5 ერთეული დანადგარის დამზადებას გეგმავს, 2027 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 20 ერთეულამდე გაიზრდება. შედარებისთვის, ნიდერლანდური ASML-ი 2026 წელს 130 ერთეული DUV-აპარატის გამოშვებას აპირებს და წარმოების 30%-ით გაფართოებას მომდევნო წელსაც გეგმავს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ანალიტიკოსები ჩინურ ტექნოლოგიურ მიღწევას სკეპტიკურად უყურებენ და ASML-ის პოზიციების შერყევას მოკლევადიან პერიოდში არ პროგნოზირებენ. ODDO BHF-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა, სტეფან ურიმ აღნიშნა, რომ ჩინური ახალი ტექნოლოგიის შესაძლებლობები, სავარაუდოდ, დაბალი სეგმენტის მოწყობილობებით შემოიფარგლება. განმარტებისთვის, საუბარია არა უახლეს 1-3 ნანომეტრიან ჩიპებზე, არამედ ისეთ ნახევარგამტარებზე, რომლებიც უფრო ზოგადად გამოიყენება და ნაკლებად ძვირად ღირებულია.
Futurum Group-ის ანალიტიკოსის, ნიკ პეიშენსის განცხადებით, თუ ჩინეთს ASML-ის მონოპოლიის დასრულება სურს, მათმა დანადგარებმა ეფექტიანობითა და საიმედოობით ნიდერლანდური ტექ-გიგანტის დონეს უნდა მიაღწიონ, ამას კი მრავალწლიანი გამოცდილება და ტესტირება დასჭირდება.
ცნობისთვის, ღრმა ულტრაიისფერი ლითოგრაფიის აპარატები სილიციუმის ფირფიტებზე მიკროსქემების დასატანად გამოიყენება, თუმცა ის შედარებით მარტივი ჩიპების წარმოებისთვისაა განკუთვნილი. ყველაზე თანამედროვე ნახევარგამტარების შესაქმნელად ექსტრემალური ულტრაიისფერი ლითოგრაფიის დანადგარებია საჭირო, რომელთა ბაზარზეც ASML-ი სრულ მონოპოლიას ინარჩუნებს.
BM.GE
წყარო: bm.ge