
ჩინეთში წვენების ექსპორტის პოტენციალის შესაფასებლად სამინისტრომ BDO-სთან €130,000-ის კონტრაქტი დადო
ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ“ საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან წვენებისა და კონსერვების წარმოების შესაძლო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაზე ხელშეკრულება გააფორმა. კვლევის ღირებულება 129 800 ევროა.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება 2026 წლის 3 ნოემბერს გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელია შპს „ბიდიო კონსალტინგი“, ხოლო პროექტის განხორციელებაში მის ქვეკონტრაქტორებად განსაზღვრული არიან შპს „ბიდიო აუდიტი“ და ჩინური კომპანია BDO China Shu Lun Pan Certified Public Accountants LLP.
შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელდა. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 129 800 ევროს ეკვივალენტია ლარში, მათ შორის 110 000 ევრო მომსახურების ღირებულება დღგ-ის გარეშე, ხოლო 19 800 ევრო დღგ.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩინეთის ბაზარზე ქართული წვენებისა და კონსერვების საექსპორტო პოტენციალის შეფასება იქნება. საკონსულტაციო კომპანიამ უნდა შეისწავლოს როგორც საქართველოს შიდა ბაზარზე მოთხოვნა, ადგილობრივი წარმოება და იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობები, ისე პოტენციური საექსპორტო ბაზრები, მათი ზომა, ფასები, კონკურენცია, ლოგისტიკა და რეგულაციები.
კვლევის ფარგლებში BDO-მ უნდა შეაფასოს საქართველოში არსებული ნედლეულის რესურსები, მათი სეზონურობა და გეოგრაფიული განაწილება, საწარმოო შესაძლებლობები, საჭირო ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა. ასევე უნდა გამოავლინოს პოტენციური ბიზნესპარტნიორები, ძირითადი მყიდველები და გაყიდვების არხები.
კონსულტანტმა უნდა მოამზადოს საწარმოს ფინანსური მოდელი, რომელიც მინიმუმ 10-წლიან საოპერაციო პერიოდს მოიცავს. კვლევამ უნდა განსაზღვროს პროექტისთვის საჭირო კაპიტალური და საოპერაციო დანახარჯები, დაფინანსების შესაძლო სტრუქტურა, მოსალოდნელი შემოსავლები და ინვესტიციის უკუგების მაჩვენებლები. მათ შორის უნდა შეფასდეს სახელმწიფოს შესაძლო მონაწილეობა პროექტში, გრანტების, საგადასახადო შეღავათების, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ან კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის ფორმით.
კვლევის მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე საწარმოს შესაძლო ადგილმდებარეობის შერჩევა. BDO-მ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი კრიტერიუმები, შეადგინოს პოტენციური ლოკაციების მოკლე სია და წარმოადგინოს მათი შედარებითი შეფასება. ამასთან, უნდა განისაზღვროს საწარმოს სავარაუდო საწარმოო სიმძლავრე, პროდუქციის ასორტიმენტი, საჭირო აღჭურვილობა და ადამიანური რესურსები.
საბოლოო დასკვნაში საკონსულტაციო კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მკაფიო რეკომენდაცია პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ. ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულია სამი შესაძლო შეფასება: პროექტის განხორციელება (Go), გარკვეული პირობებით განხორციელება (Conditional Go) ან პროექტის არგანხორციელება (No-Go). რეკომენდაციას უნდა ახლდეს შესაბამისი ფინანსური, ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთება.
ხელშეკრულების მიხედვით, BDO-მ თავდაპირველი ანგარიში ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში, შუალედური ანგარიში ორ თვეში, ხოლო საბოლოო კვლევა სამ თვეში უნდა წარადგინოს. საბოლოო კვლევას აღმასრულებელი პრეზენტაციაც უნდა ახლდეს.
მომსახურების გაწევის საბოლოო ვადად 2027 წლის 1 თებერვალია განსაზღვრული, ხოლო ხელშეკრულება 2027 წლის 31 მარტამდე მოქმედებს.
კვლევის შედეგები განსაზღვრავს, რამდენად ეკონომიკურად და ფინანსურად გამართლებულია საქართველოში წვენებისა და კონსერვების საწარმოს შექმნა, რა მოცულობის ინვესტიცია იქნება საჭირო და რა პირობებში შეიძლება პროექტში სახელმწიფოს მონაწილეობა.
BM.GE
წყარო: bm.ge