
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი
ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც ჩვენი ქვეყანაა, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვრივიშვილმა თქვა, რომ ოთხმხრივი თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის რეგიონის ენერგეტიკულ სექტორს და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს.
„საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყნებში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომში კიდევ უფრო მეტი წარმატებითა და მეტი გამტარუნარიანობით ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, საქართველოსთვის ენერგეტიკის სექტორის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობს მეზობელ ქვეყნებთან და ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას და ამ ხედვის განუყოფელი ნაწილია, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ოპერირებად ბიზნესებს, მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის შემდგომი ექსპორტისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
ანტალიაში ხელმოწერილი “საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების”მიზანი აღნიშნულ ქვეყნებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემისა და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
BM.GE
წყარო: bm.ge