
ჩინური გიგანტი Sichuan Energy-ი იმერეთში 100-მეგავატიან ქარის ელექტროსადგურს ააშენებს
ჩინური სახელმწიფო კომპანია Sichuan Energy Development-ის ქართული შვილობილი, შპს "უსასრულო ენერგია" იმერეთში 100-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტთან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 17-ტურბინიანი ახალი სადგური საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სოფლებში - ხვანში, ჭალოვანში, კორბოულში განთავსდება.
პროექტთან დაკავშირებით ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებს - დირექტორს ლუო ჩაოს და საქართველოში ჩინეთის სავაჭრო და კომერციული პალატის დირექტორს ლი რუის სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი, დავით ვარდიაშვილი შეხვდა. მხარეებმა ელექტროსადგურის მაღალი ძაბვის ქსელთა მიერთების საკითხები განიხილეს, მათ შორის ინვესტორი ახალი 500-კილოვოლტიანი ქვესადგურის მშენებლობას გეგმავს, რომელსაც შემდეგ საკუთრებაში სახელმწიფო ელექტროსისტემას გადასცემს.
"მხარეებმა იმერეთის რეგიონში 100 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის „იმერეთი 1“ მშენებლობის პროექტი და მისი ელექტროგადამცემ ქსელში ინტეგრაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები განიხილეს. პროექტი ითვალისწინებს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურისა და ახალი 500 კვ ქვესადგურის მშენებლობას. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქვესადგური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საკუთრებაში გადავა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მხარეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებისა და ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიმართულებით. ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გრძელვადიან განვითარებას,"- ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შპს "უსასრულო ენერგია" ჩინეთის მსხვილი სახელმწიფო ენერგეტიკული ჯგუფის, Sichuan Energy Development Group-ის, პირდაპირი 100%-იანი შვილობილი კომპანიაა. ჯგუფს ენერგეტიკის სექტორში საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს და მისი აქტივების საერთო ღირებულება დაახლოებით 60 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
არსებული მდგომარეობით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ყველაზე მაღალი ტემპით სწორედ ქარის ელექტროსადგურები ვითარდება. 2026 წლის სექტემბერში სატესტოდ გაეშვა ქვეყნის უმსხვილესი რუისის ქარის ელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრეც 206 მეგავატ საათს შეადგენს. სადგურის ინვესტორი და განმახორციელებელი არის კომპანია "ფერის" შვილობილი სს "ვინდ ფაუერი" და ის EBRD-ის და ქართული კომერციული ბანკის დაფინანსებით აშენდა და 33 ქარის ტურბინას მოიცავს. 2026 წლის გაზაფხულზე ასევე გაეშვა ბიზნესმენ სულხან პაპაშვილის კომპანიის "ზემო ვინდის" კასპის ქარის ელექტროსადგური, რომელიც 3 ტურბინისგან შედგება, მისი სიმძლავრე კი 18.8 მეგავატ საათს შეადგენს, აღნიშნული სადგური უკვე ერთიან ელექტროსისტემას მიუერთდა. ასევე დასრულდა კომპანია Vento Energy-ის 43-მეგავატიანი ბრეთის ქარის ელექტროსადგურის ექვსივე ტურბინის მონტაჟი და მოსალოდნელია რომ სადგური უახლოეს მომავალში ასევე საცდელ ოპერირებას დაიწყებს.
გარდა აღნიშნული პროექტებისა განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა კიდევ 10-მდე სხვადასხვა ქარის ელექტროსადგური, რომლებიც ხორციელდება როგორც ქართული ბიზნესჯგუფების ასევე თურქული, გერმანული და ჩინური ინვესტიციებით. პროექტები ძირითადად შიდა ქართლის და იმერეთის რეგიონებში არის განთავსებული.
BM.GE
წყარო: bm.ge