
ჩიპების წარმოებიდან Samsung-ის მოგება თითქმის 50-ჯერ გაიზარდა
მიმდინარე კვირას Samsung Electronics-მა რეკორდული კვარტალური მოგება გამოაცხადა, რაც ჩიპებიდან მიღებული შემოსავლის 49-ჯერ ზრდამ განაპირობა. კომპანია მომავალ წელს მიწოდების მწვავე დეფიციტის გაღრმავებას ელის, რადგან მომხმარებლები ხელოვნურ ინტელექტში დანახარჯებს ზრდიან, რაც Samsung-ის მეხსიერების ჩიპებზე ფასებს ზრდის.
AI-ბუმის მასშტაბების საილუსტრაციოდ, Samsung-მა განაცხადა, რომ იანვარ-მარტის საოპერაციო მოგებამ მის ყველაზე მოგებიანი ჩიპების განყოფილებაში რეკორდულ 53.7 ტრილიონ ვონს ($36.15 მილიარდი) მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.1 ტრილიონი ვონი იყო.
ამ თანხამ კვარტალის რეკორდული ჯამური მოგების (57.2 ტრილიონი ვონი) 94% შეადგინა. ეს ციფრი ემთხვევა Samsung-ის მიერ ამ თვის დასაწყისში გამოცხადებულ პროგნოზს და მკვეთრად აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (6.69 ტრილიონი ვონი).
კომპანიის მთლიანი შემოსავალი წლიურად 69%-ით გაიზარდა და 133.9 ტრილიონი ვონი შეადგინა.
AI მონაცემთა ცენტრების მშენებლობის ბუმმა Samsung-ს და სხვა ჩიპების მწარმოებლებს უბიძგათ, საწარმოო სიმძლავრეები იმ მოწინავე ჩიპებისთვის გამოეყოთ, რომლებსაც Nvidia თავის ე.წ. AI ამაჩქარებლებში იყენებს. მიუხედავად ამისა, ჩიპების მწარმოებლებს უჭირთ მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო ეს ტენდენცია ტრადიციული (კონვენციური) ჩიპების მიწოდებასაც ზღუდავს.
"ჩვენი მიწოდება მნიშვნელოვნად ჩამორჩება მომხმარებელთა მოთხოვნას. მხოლოდ 2027 წლისთვის მიღებულ მოთხოვნაზე დაყრდნობით, 2027 წელს მიწოდებასა და მოთხოვნას შორის სხვაობა იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე 2026 წელს," - განუცხადა ანალიტიკოსებს Samsung-ის მეხსიერების ჩიპების ბიზნესის ხელმძღვანელმა კიმ ჯეჯუნემ ფინანსური შედეგების შემაჯამებელ ზარზე.
Samsung-მა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს ჩიპების წარმოება არ შეუფერხებია, რადგან კომპანიამ უზრუნველყო მარაგები და წარმოებაში გამოყენებული გაზების ალტერნატიული წყაროები მოიძია. თუმცა, კომპანიამ ნავთობის ფასების ზრდით გამოწვეულ სატრანსპორტო ხარჯების გაძვირების რისკებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობასთან თანამშრომლობით, ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს.
ფინანსური შედეგების გამოცხადების შემდეგ Samsung-ის აქციების ფასი ჯერ 1.8%-ით გაიზარდა, თუმცა საბოლოოდ 2.4%-ით დაეცა. მიმდინარე წელს აქციების ფასი 88%-ით არის გაზრდილი, რაც მნიშვნელოვნად უსწრებს ფართო ბაზრის 57%-იან ზრდას.
BM.GE
წყარო: bm.ge