
"ჩვენი ხელოვნური ინტელექტი საყოველთაო განვითარების ტემპს ჩამორჩა" - ცუკერბერგი
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა კომპანიის შიდა შეხვედრაზე ხელოვნური ინტელექტის აგენტების განვითარების ტემპის შენელებაზე და არსებულ ჩამორჩენაზე ისაუბრა. როგორც მან თანამშრომლებს განუცხადა, მათი AI სისტემები მენეჯმენტის მოლოდინებზე ბევრად ნელა პროგრესირებს.
ცუკერბერგის განცხადებით, წლების განმავლობაში ჩადებულმა მილიარდობით დოლარმა და გაკეთებულმა ფსონებმა კომპანიას ჯერჯერობით სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. ტექნოლოგიური გიგანტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის განხორციელებული კაპიტალური დანახარჯებიდან მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებას მომავალი 3-6 თვის განმავლობაში მოელის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა გზით აპირებს ის უმოკლეს პერიოდში მსხვილი დანახარჯების ამოღებას.
შიდა შეხვედრაზე ცუკერბერგმა კორპორაციული რესტრუქტურიზაციის პროცესში დაშვებული შეცდომებიც აღიარა. მისი თქმით, ხელმძღვანელობამ ცვლილებების განხორციელების დრო არასწორად შეარჩია, რის გამოც პროცესი დაგეგმილზე რთულად წარიმართა. როგორც ცუკერბერგი აღნიშნავს, მიმდინარე წლის მაისში კომპანიის მიერ გლობალური სამუშაო ძალის 10%-ით შემცირებამ და 7,000-მდე თანამშრომლის ხელოვნური ინტელექტის ჯგუფებში გადანაწილებამ პერსონალის უკმაყოფილება და სამუშაო მოტივაციის დაცემა გამოიწვია.
ცნობისთვის, ცუკერბერგის ხელმძღვანელობით განხორციელებული რეორგანიზაცია მიზნად ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თანხების გამოთავისუფლებას ისახავს. პროგნოზების მიხედვით, Meta მიმდინარე წელს ამ მიმართულებით $145 მილიარდის დახარჯვას გეგმავს.
BM.GE
წყარო: bm.ge