
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც. საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც, რომელიც აერთიანებს კერძო ფრენებს, ავიასპორტს, ავიატურიზმს და პროფესიულ მომზადებას. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა ახალი პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შიდა ავიაცია და ამისთვის საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რომ მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ასევე განვაგრძოთ სუბსიდირება შიდა ფრენების, რომელიც ხელს უწყობს რეგიონებს შორის მობილობის ზრდას, ჩვენი თითოეული თანამოქალაქისთვის გადაადგილების გამარტივებას და ამავდროულად, ხელს უწყობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. ამასთან ერთად ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის შიდა ავიაციის განვითარების თვალსაზრისით, ისევე როგორც ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით. ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც დღეს აქ, კაჭრეთში ხდება, როცა სახელმწიფოს მიერ შექმნილ შესაძლებლობებს კერძო სექტორიც პასუხობს საკუთარი ინიციატივითა და ინვესტიციებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქრივიშვილით თქმით, მცირე ავიაციის განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოში მეტი უცხოელი კერძო პილოტის, ავიამოყვარულის მოზიდვის თვალსაზრისითაც, რომლებიც მოგზაურობენ, რჩებიან სხვადასხვა რეგიონებში, სარგებლობენ ადგილობრივი სერვისებით. მინისტრის განცხადებით, მცირე ავიაციას განვითარება მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურის ზრდის კუთხით.
„ამბასადორის საავიაციო სოფელი კაჭრეთში სწორედ კარგი მაგალითია აღნიშნული მიმართულების განვითარების. აქ ერთ სივრცეში გაერთიანებულია საფრენი მოედანი, ავიავილები და ტურისტულ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის სამომავლო გეგმებიც - საავიაციო სკოლისა და ავია-კლუბის შექმნა. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებს და ინვესტორებს, ასევე პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს. მისი თქმით, პროექტში განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, პროექტის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას. პროექტის შედეგად უკვე შეიქმნა 47 ახალი სამუშაო ადგილი.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს საავიაციო სექტორში არსებული ტენდენციების შესახებ.
„2025 წელს ჩვენმა ქვეყანამ რეკორდული მაჩვენებლებით უმასპინძლა მგზავრთნაკადს, 8.5 მილიონი მგზავრი - ეს არის ის მოცულობა და ის რაოდენობა მგზავრთნაკადის, რომელსაც ჩვენმა სამმა საერთაშორისო აეროპორტმა გასულ წელს უმასპინძლა. ამავდროულად, რეკორდული იყო მგზავრთნაკადის კვალდაკვალ ასევე შესრულებული რეისების რაოდენობა და საგულისხმოა ისიც, რომ საჰაერო გზით გადაყვანილი და გადატანილი ტვირთების რაოდენობაც 54%-ით გაიზარდა 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს 4 მილიონ 600 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში და გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა, მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საავიაციო სექტორში არსებულ ზრდას ხელისუფლება ახალი ინფრასტრუქტურით პასუხობს. ამ საკითხზე საუბრისას მინისტრმა აქცენტი გააკეთა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტზე.
„მიმდინარე პერიოდში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაო. 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია ხორციელდება თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში, რის შედეგადაც 10 მილიონამდე მგზავრს ვუმასპინძლებთ. ასევე გვაქვს აქტიური მიმდინარე მშენებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რის ფარგლებშიც ჩვენ სრულიად ახალ, 3.5 კილომეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ვაწყობთ და ამასთანავე, ვემზადებით და აქტიური სამუშაო პროცესი გვაქვს ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე გამოცხადებულია ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი - უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით. მინისტრის შეფასებით, ეს პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების საჰაერო ხელმისაწვდომობას და შესაბამისად, მათ განვითარებას.
BM.GE
წყარო: bm.ge