![„[CITYZEN Expo-ს] მშენებლობის ნებართვას უახლოეს მომავალში მივიღებთ“ - მინდია საბანაძე](/_next/image?url=https%3A%2F%2Fbm.ge%2Fuploads%2Ffiles%2F2026%2F10%2F22%2F326411%2Fmindia-sabanadze_w_h.jpeg&w=3840&q=75)
„[CITYZEN Expo-ს] მშენებლობის ნებართვას უახლოეს მომავალში მივიღებთ“ - მინდია საბანაძე
„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ბიზნესმენი მინდია საბანაძე აცხადებს, რომ CITYZEN Expo-ს პროექტზე სამშენებლო ნებართვა კომპანიას უახლოეს მომავალში ექნება.
მისი თქმით, ტერიტორია სრულიად კანონიერად ეკუთვნით და კომპანიამ იმაზე მეტი პირობა და მოთხოვნა შეასრულა, ვიდრე ნებართვის მისაღებადაა საჭირო, რის გამოც გადაწყვეტილების დადებითად მიღებაში ღრმადაა დარწმუნებული.
„მშენებლობის ნებართვა ჯერ აღებული არ არის, მაგრამ უახლოეს მომავალში გვექნება, იმიტომ, რომ აბსოლუტურად მეკუთვნის, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იმაზე მეტი გვაქვს გაკეთებული, რაც უნდა გაგვეკეთებინა ამისთვის. ჩვენი კომპანია მიიღებს ამ მშენებლობის ნებართვას, ღრმად ვარ დარწმუნებული ამაში“, - აღნიშნა მინდია საბანაძემ.
ინვესტორი ასევე გამოეხმაურა ადგილზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს და განმარტა, რომ საზოგადოების უკმაყოფილება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული.
„ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქციის მონაწილეებს არ აქვთ ინფორმაცია და სწორედ იმიტომ აპროტესტებენ. თორემ ის მოთხოვნები, ფაქტობრივად, რასაც ისინი იძახიან, რომ „ეს ასე უნდა იყოს“, ჩვენ აქედან ვეუბნებით, რომ ამას ისედაც ასე ვაკეთებთ“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის ისტორიული ფუნქციისა და მწვანე საფარის სრულ შენარჩუნებას, საგამოფენო სივრცის გაფართოებას და ტერიტორიის მოსახლეობისთვის 24/7 რეჟიმში ღიად დატოვებას.
22 ოქტომბრიდან, კომპანიამ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე დაგეგმილი მულტიფუნქციური პროექტის, "სითიზენ ექსპოს" (Cityzen Expo) წინასწარი გაყიდვები დაიწყო. მრავალფუნქციური კომპლექსის საერთო საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის მთავარი ღერძი 10 ჰექტარი საუკუნოვანი ტყე-პარკის, ხელოვნური ტბის, საგამოფენო პავილიონებისა და ავთენტიკური არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-რესტავრაციაა.
BM.GE
წყარო: bm.ge