მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დავა ილონ მასკთან და ინვესტორების სკეპტიციზმი - რა გამოწვევები აქვს მუკეშ ამბანის IPO-ს?
დავა ილონ მასკთან და ინვესტორების სკეპტიციზმი - რა გამოწვევები აქვს მუკეშ ამბანის IPO-ს?

დავა ილონ მასკთან და ინვესტორების სკეპტიციზმი - რა გამოწვევები აქვს მუკეშ ამბანის IPO-ს?

BM.GE18 ოქტომბერი, 2026, 01:55|bm.ge

ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის სატელეკომუნიკაციო და ციფრული სერვისების გიგანტმა, Jio Platforms-მა, ისტორიული IPO-ს წინ საკუთარი საბაზრო შეფასება შეამცირა. მოვლენები ემთხვევა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთან, ილონ მასკთან ღია დაპირისპირებას, რომელმაც გასულ კვირას ამბანი "მონოპოლიურ ქცევასა" და ინდოეთის ბაზარზე Starlink-ის შესვლის ხელოვნურ შეფერხებაში დაადანაშაულა.

სანამ ამბანი და მასკი ინდოეთის რეგიონების სატელიტური ინტერნეტით მომარაგების ბაზრისთვის იბრძვიან, ინდოელ მაგნატს ბირჟაზე გასვლამდე გაცილებით პრაგმატული გამოწვევა გაუჩნდა - ინვესტორები კომპანიის ტექნოლოგიურ ამბიციებს ეჭვის თვალით უყურებენ.

ილონ მასკთან კონფლიქტის მთავარი მიზეზი სატელიტური კავშირგაბმულობის ბაზარია. როგორც Starlink-ის დამფუძნებელმა განაცხადა, კომპანიამ 5 წელი დახარჯა ინდოეთის რეგულაციების შესასრულებლად, თუმცა სერვისის გაშვება ამბანის გავლენების გამო ჭიანურდება. მასკმა Jio Platforms-ს "მონოპოლისტი" უწოდა.

ბრალდების საპასუხოდ, ამბანი საკუთარი დაბალორბიტალური სატელიტური ქსელისა და მწვანე AI-ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს, რითაც Starlink-ს პირდაპირ კონკურენციას გაუწევს.

Jio Platforms-მა აქციების საფასო დიაპაზონი 1 065-დან 1 119 რუპიამდე განსაზღვრა, რითაც პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ფარგლებში 302 მილიარდ რუპიამდე (დაახლოებით $3.2 მილიარდის) მოზიდვას გეგმავს. აღნიშნული პარამეტრებით კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $108 მილიარდად შეფასდა, რაც საგრძნობლად ჩამორჩება ერთი წლის წინ განხილულ $130 მილიარდზე მეტს.

$108-მილიარდიანი კაპიტალიზაციით Jio ბაზარზე თავის მთავარ ადგილობრივ კონკურენტს, Bharti Airtel-ს ჩამორჩება, რომლის საბაზრო ღირებულებაც ამჟამად $117 მილიარდს აღემატება.

შეფასების შემცირების ერთ მნიშვნელოვან მიზეზად ინვესტორების მხრიდან ზრდის პერსპექტივების გადაფასება იქცა. ანალიტიკოსების შეფასებით, ინდოეთში ახალი აბონენტების მარტივად და იაფად მოზიდვის ერა პრაქტიკულად დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის შემოსავლების შემდგომი ზრდის მთავარი ბერკეტი მხოლოდ ტარიფების გაძვირება იქნება, რის გამოც ბირჟაზე გასვლის შემდეგ Jio-ს საჯარო აქციონერებისთვის ფინანსური ზრდის დამტკიცება გაცილებით რთულ კონკურენტულ გარემოში მოუწევს.

Jio Platforms-ი ინდოეთის უმსხვილესი ტელეკომ ოპერატორია 500 მილიონზე მეტი აბონენტით და თავს Big Tech მოთამაშედ პოზიციონირებს, რათა ბირჟაზე მაღალი ტექნოლოგიური მულტიპლიკატორებით შეფასდეს. თუმცა ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ Jio-ს შესაბამისი პროდუქტიული ექსპერტიზა არ აქვს და გლობალური ინვესტორები მას ჯერ ისევ ტრადიციულ სატელეკომუნიკაციო (კომუნალურ) კომპანიად აღიქვამენ.

გარდა ამისა, მოზიდული $3.2 მილიარდიდან თითქმის მთლიანი თანხა - 275 მილიარდი რუპია - ძველი სატელეკომუნიკაციო ვალების დაფარვას მოხმარდება.

კომპანიის გათვლა ასეთია: ვალების გასტუმრების შემდეგ გათავისუფლებული ფულადი ნაკადები AI-სა და სატელიტურ პროექტებში ჩაიდება. ამ სტრატეგიას მხარს უჭერენ Jio-ს ამჟამინდელი პარტნიორები - Meta (ფლობს 10%-ს) და Google (8%), რომლებიც IPO-ს დროს საკუთარი წილების გაყიდვას არ აპირებენ და კომპანიის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას ელოდებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქართული მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტის 54% რუსეთზე მოდის|TOP-10 კომპანია

ქართული მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტის 54% რუსეთზე მოდის|TOP-10 კომპანია

BM.GE

ჩვენი მიდგომაა, არავის მივცეთ საშუალება, მოსახლეობას უხარისხო სამუშაოები შესთავაზოს - რევაზ სოხაძე

ჩვენი მიდგომაა, არავის მივცეთ საშუალება, მოსახლეობას უხარისხო სამუშაოები შესთავაზოს - რევაზ სოხაძე

BM.GE

რას მოუტანს საქართველოს ციფრული ლარის დანერგვა? - ფინტექ ასოციაციის შეფასება

რას მოუტანს საქართველოს ციფრული ლარის დანერგვა? - ფინტექ ასოციაციის შეფასება

BM.GE

"კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებებს" - ნანა ყეინიშვილის განცხადება

"კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებებს" - ნანა ყეინიშვილის განცხადება

BM.GE