
რას მოუტანს საქართველოს ციფრული ლარის დანერგვა? - ფინტექ ასოციაციის შეფასება
ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოში ციფრული ლარის დანერგვას რამდენიმე მიმართულებით შეიძლება ჰქონდეს დადებითი გავლენა ბაზარზე.
როგორც დავით კიკვიძემ BMG-სთან განაცხადა, ციფრული ვალუტა შესაძლოა ეროვნული ბანკისთვის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების ეფექტიანობის გაზრდის საშუალება გახდეს.
მისივე თქმით, თუკი საბოლოოდ ციფრული ლარი საქართველოში გადახდის ერთ-ერთ საშუალებად დაინერგება, ეს მომხმარებლებისთვის ტრანზაქციებს გაამარტივებს.
“საკანონმდებლო ცვლილებები გულისხმობს ეროვნული ბანკისთვის ზოგადი უფლებამოსილების მინიჭებას, რათა მან მომავალში შეძლოს დამოუკიდებლად ციფრულ ლართან და ზოგადად ციფრულ ფულთან დაკავშირებული შესაბამისი ვთქვათ ოპერაციების წარმოება. როგორც ვიცით, დიდი ხანია ეროვნული ბანკი მუშაობს CBDC სისტემაზე, ანუ ციფრული ლარის გამოშვებაზე.
ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც ჩემი აზრით ციფრულ ლარს ექნება, ეს არის მისი ინსტრუმენტად გამოყენება მონეტარული პოლიტიკის ჭრილში. იქიდან გამომდინარე, რომ ციფრული ფული ზოგადად გაცილებით მოქნილია და უფრო მყისიერად ხდება მისი ტრანზაქციები და ზოგადად ეკონომიკაში ასახვა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მონეტარული პოლიტიკის გატარება ციფრული ლარის გამოყენებით უფრო მყისიერ ეფექტს მოახდენს ეკონომიკაზე. ეროვნულ ბანკს საკმაოდ ხშირად უწევს მონეტარული პოლიტიკის სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება იმისთვის, რომ მართოს როგორც ინფლაციური, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური პროცესები. აქედან გამომდინარე, არსებული “ფიატური” ფულით აღნიშნულ პროცესებზე და ზოგადად ეკონომიკაზე ზემოქმედება, როგორც წესი არის საკმაოდ დროში გაწერილი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ციფრული ლარით ეს მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს და გაცილებით მეტი ეფექტი ჰქონდეს მონეტარული პოლიტიკის გატარებას.
რიგითი მოქალაქეებისთვისაც თავისთავად ეს არის გაცილებით მეტად მოქნილი შესაძლებლობა. დღეს, როგორც ვიცით, არსებული ფინანსური და საგადახდო სისტემა სრულად დამოკიდებულია კომერციულ ბანკებზე და კომერციული ბანკების მეშვეობით ხდება ნებისმიერი ტიპის გატარებები და სხვადასხვა ტრანზაქციები, მათ შორის გადახდების მიღებაც, ბარათების სისტემებიც, საერთაშორისო გადარიცხვების და ა.შ. აქედან გამომდინარე, ბანკთაშორისი გადარიცხვები ყველაზე მოუქნელია დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ციფრული ლარით თეორიულად მომხმარებელს გაცილებით გაეზრდებათ ფულთან ხელმისაწვდომობა და მისი გამოყენების შესაძლებლობები. ეს არის ალბათ მთავარი არგუმენტი, რაც ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ იმისთვის, თუ რატომ უნდა დაინერგოს ციფრული ლარი ქვეყანაში. ამიტომ მომხმარებლების კუთხით პოტენციურად შესაძლო ბევრი რამე შეიცვალოს.
თავისთავად რთულია ჯერჯერობით კონკრეტული შეფასებების გაკეთება, იმიტომ, რომ საკმაოდ შორს ვართ ჯერჯერობით ციფრული ლარის მასობრივად დანერგვისგან, თუმცა, როგორც ვიცით, ეროვნული ბანკი გარკვეული ტესტირების რეჟიმშია და იმედი გვაქვს, რომ მალე გამოქვეყნდება და გვეცოდინება რა შედეგებზე გავიდა ტესტირების პროცესი. იმის მიხედვით უკვე შეგვიძლია რეალურად შევაფასოთ, რეალურ ეკონომიკაზე და ინდივიდუალურ მომხმარებელზე რა გავლენა ექნება ციფრული ლარის შემოღებას”, - განაცხადა დავით კიკვიძემ.
ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მიენიჭა. პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები მათ შორის განსაზღვრავს, ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებს ციფრული ლარის დამზადების, ემისიისა და მიმოქცევის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ციფრული ლარის სატესტო პროექტზე გასულ წლებში მუშაობდა. როგორც რამდენიმე თვის წინ სებ-ში აცხადებდნენ, ციფრული ლარის, ანუ CBDC-ის პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge